Quantcast
Channel: მთვარის კლუბი
Viewing all 409 articles
Browse latest View live

ეზოში გადმოსული მზე

$
0
0

აქ დილა იმაზე ადრე იწყება, მანამ - ვიდრე მთის იქით მზე ბოლო გაზმორებას მოასწრებდეს. შენც უნდა იჩქარო თუ გინდა მრავალძარღვას ხალიჩაზე ზაფხულის სიზმრით დამძიმებულ ცვარს მოუსწრო, მოასწრო და პირველმა გაიარო. მერე ქალაქიდან გამოყოლილი თვითირონიით ჩაიცინო "აბა.. რაა მამული". 




ირგვლივ ყველაფერი იღვიძებს. უფრო სწორედ აქ შენ იღვიძებ და ამჩნევ რომ მხოლოდ შენ გეძინა. ახლა ფხიზლდები. სხვა კი უკვე კარგახანია ფუსფუსებს, ზრუნავს, საქმიანობს. მაგრამ ისე, ჩუმად, თავისთვის, აუჩქარებლად. ჯერ კიდევ იზმორება მზე. ჯერ არ გადმოსულა. ჯერ გრილა.


დაეხეტები მწვანეში და სადღაც გუშინდელ დღეში ჩატოვებული სამსახური, საქმეები, პრობლემები, ქაოსი სწორედ ისე განაღვლებს როგორც ძილის წინ სახიდან ჩამობანილი მტვერი. ახლა აქ ფოთლის მიღმა მიმალული მწიფე მაყვალი უფრო გაღელვებს ვიდრე ზემოთ ჩამოთვლილთაგან ნებისმიერი... დაცვარული, მწიფე, სქელი, დაბუშტული მაყვალი


ერთი, ორი, სამი... 
აგერ კიდევ რამდენიმე... 
აქ კიდევ... 
აი სად დამალულა მაყვალი..
გაბრაზებული ობობები ჩრდილისკენ მიიჩქარიან. მათ გეგმებში ხომ საერთოდ არ შედიოდა ვიღაც ტუტუცი ადამიანი, რომელიც აი ასე, უნამუსოდ დაუფხრეწდა მშვენიერ აბლაბუდას. 
აგერ ისევ... მაინც როგორ იმალებიან. სწორედ ასე აგროვებდი ადრეც, წლების წინ. ოღონდ არა ქილაში, არამედ პეშვში და როცა აგევსებოდა, იქვე ჩამოჯდებოდი და ნება-ნება, ღიღინით დაიწყებდი ცმაცუნს. არსად გეჩქარებოდა. ჩრდილში, მშვიდად, გრილად გარინდული მუსრს ავლებდი შეგროვილ ნადავლს. შემდეგ კი მაყვლის წვენით შეღებილი თითებით ისევ ეძებდი მსუყე, გაბეყილ მაყვლებს მწვანე ფოთლების მიღმა


მოგროვილი მაყვალი პეშვში აღარ ეტევა. მიდიხარ, მოგაქვს პატარა ქილა და ახლა იქ აგროვებ ზაფხულის დოვლათს. თითო-თითო მარცვალი, თითო-თითო მაყვალი და დროც ისე ჩუმად იპარება რომ ვერც კი ამჩნევ თუ როგორ წამოგადგა თავზე მზე. მოვიდა, დაგხედა, დაგაკვირდა. ხვდები რომ უკვე დროა შეისვენო. წიგნი გახსენდება. და სად იკითხება წიგნი ყველაზე კარგად?! - რა თქმა უნდა ჰამაკში.


მართალია ისეთი ციდა აღარ ხარ როგორც მაშინ. მაგრამ შენს წონასაც გმირულად უძლებს ლეღვი და ტყემალი. უბრალოდ თუ რწევა ზედმეტად გაგიტკბება მზით გამთბარი ტყემლის ნაყოფი უმალ დაგენარცხება შუბლზე - ჰეი, ვირო. ნელა მანდ. ბევრი არ მოგივიდესო. შენაც ნებდები

მზე ზენიტშია. ახლა შენი თავშესაფარი ლეღვის და ტყემლის ფოთლების ჩრდილი და ის სამყაროა, ქალაქში გულვერდადებულმა წიგნმა რომ ჩაინიშნა მეთორმეტე გვერდზე და ახლა ხელჩაკიდებული რომ მიყავხარ უკან - სამოგზაუროდ. 

და შენაც მოგზაურობ. ჯერ წიგნის მიხედვით. შემდეგ კი ფოთლების ჩურჩულთან ერთად შემოპარულ რულს სულ სხვაგან მიჰყავხარ. აი იქითკენ - შუადღის ძილს მოყოლილი სიზმარი რომ ჰქვია და შენაც ნებდები. ინაბები და მიცურავ იმ სიამით, რა სიამითაც იძინებდი ყოველ ჯერზე, როცა თაკარა მზისგან დათანგული სიზმრისკენ მიმავალ დაჩრდილულ ბილიკს იპოვიდი ჩეროში.

და ასე მოგზაურობ მანამ სანამ არ მოგბეზრდება. ან შენი მოგზაურობა არ მობეზრდება ხის ჭიანჭველას და მის საგანგებო მარშრუტზე, რომელიც რატომღაც შენს ჰამაკზე გადის, გზად გადახერგილ შენს ფეხს არ ჩაკბეჩს. ხო, არც თუ სასიამოვნო გამოღვიძებაა. მართალია პეპლების ფრთების ცხვირთან ფაფხურს რაღაცნაირად ჯობია. მაგრამ მაინც.

იღვიძებ, ისევ გინდება რაიმე გემრიელობა და გახსენდება შენი შეგროვილი ნუგბარი. აი ჭიანჭველისგან მიყენებული ემოციური სტრესის საუკეთესო კომპენსაცია


მზე უკვე მინელდა. ისე გამალებით და დაჟინებით აღარ გადევნებს თვალყურს. შენს ეზოშიც დღით დაღლილი ხეების ჩრდილები ნელინელ იწყებენ წამოწოლას. ირგვლივ გამოცოცხლდა ყველა და ყველაფერი. თითქოს შენთან ერთად გამოიღვიძეს შუადღის ძილისაგან და ახლა დღის მეორე მოქმედება იწყება. დიდად განსხვავებული და სახეცვლილი ვიდრე იყო პირველი. ახლა უფრო აქტიური ხარ. ეძებ რაიმეს, რითაც გინდა დაკავდე და აი ისიც. შენი ერთგული მეგობარი - ველო. მართალია ეს ის არ არის ბავშვობაში "მწვანე წამლით"გაფერადებული შენი მუხლების ძირითადი მიზეზი რომ იყო. მაგრამ მაინც შენი ველოა. წინ კი მწვანეში ჩაფლული, მშვიდი და ლაღი გზა გაქვთ. ამ გზებზე რამდენჯერ დაგღამებიათ შენ და შენს მეგობრებს. რამდენჯერ შეუხსენებია ავტომობილის ანთებულ ფარებს რომ სახლში დაბრუნების დროაო - ეჰ. იმდენი სიკეთე.


მზე ჯერ არ მიმალულა. ახლა დროა სახლისკენ მობრუნდე და იჩქარო. საქმეა გასაკეთებელი. ის საქმე, რასაც მხოლოდ ზაფხულობით აკეთებ ხოლმე და რასაც ასე იშვიათად განდობენ იმ მიზეზით რომ ისევ ბავშვობ. ცოტაც და სახლში ხარ.
ონკანთან მიდიხარ. რეზინის შლანგის ვეება რგოლებს ხელზე იხვევ. ცალ თავს ონკანზე ამაგრებ და ეზოში გადიხარ - ეზო უნდა მორწყა.

ეს ის რიტუალია, რომელიც ასე ძალიან უხდება ცხელი დღის საღამოს. ჯერ დინჯად უსხამ წყალს მოწყურებულ ნარგავებს. ყვავილებს, ხეებს. რწყავ ადუღებულ ქვაფენილს, ასფალტს, ცემენტს, ეზოს და გრძნობ თუ როგორ ხარბად სხვამს მიწა შენს მიერ ნაპკურებ წყალს. 

იწოვს, ხრუპავს, ნაყრდება.შლანგის თავზე ცერა თითის მეშვეობით წყლის ჭავლი სხვადასხვა მიმართულებას ღებულობს, ხან წვრილდება და უფრო მეტი ძალით სწვდება შორს მდებარე ნარგავებს. ხანაც მარაოსავით იშლება და თანაბრად ეპკურება ყვავილებს.

შენ კი ეს პროცესი იმდენად გიტაცებს რომ გავიწყდება შენი პირველადი მისია, ეზოს მორწყვა. 

დგეხარ წყლისგან გაწუწულ შუაგულ ეზოში და თავად გაწუწულს ბალღივით გხიბლავს ჩამავალი მზის სხივებზე მიშვებული წყლის ჭავლით დაჭერილი ცისარტყელის ფერები.

- მიხვდი, დაღამდა... გაცივდები


შეძახილზე ხვდები რომ მართლა გაერთე. თონიდან მოსული ახლად გამომცხვარი ლავაშის სურნელის კი შენი კუჭი გრძნობს. თბილი, კნაწუნა პურის სურნელი გაბრუნებს რეალობაში. გახსენებს რომ სტომაქსაც უნდა ყურადღება. მთელი დღის მანძილზე მხოლოდ მაყვალი და შთაბეჭდილებებით შორს ვერ წახვალ. მიდიხარ, იღებ ყველაზე ფუმფულას. ორ ცალს და მოდიხარ სახლისკენ.


ჩაი ეს თემაა. თემა რომელიც ბავშვობიდანვე გიყვარდა. მითუმეტეს როგორ უხდება მას ახლად გამომცხვარი ლავაშის მოტეხილი ყუა და ყველი. მარილიანი და ტკბილი. გემრიელი და მსუყე. ალალი და უბრალო. ეს ის გემოა, რომელიც არასდროს არ აგერევა არც ფრონცქ საჭმელში და არც პერო სასმელში. ეს ისაა რაც გიყვარდა და დარწმუნებული ვარ გეყვარება. დღესაც კამათობთ თუ სადამდე უნდა იყოს სავსე ჩაის ჭიქა. რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაყარო და რატომ არ ატან უფრო მეტ ყველს.

მერე მზე სულ მინელდება, დანებდება. ხეების ჩრდილიც საბოლოოდ გალღვება და დაფარავს შენს დასველებულ ეზოს. საღამოს მთის ნიავს სიგრილეც ჩამოჰყვება და აივანზე, მოჟღურტულე მერცხლების ბუდის გვერდით ანთებულ ნათურასთან პეპლების მეჯლისი დაიწყება. შენც ჩამოჯდები, მეზობლებთან ერთად გადაქეავ აწმყოსა და წარსულს. კეცზე დაკრული მჭადივით გადაატრიალებ მსოფლიო პოლიტიკას და ბოლოს მაინც შენი ეზოს. შენი მზით გამთბარი ეზოს ამბებით დაასრულებ.

შემდეგ ახვალ დასაძინებლად. გაღუღუნებულ ლეიბზე წამოწვები და ფანჯრიდან შემოსულ ჭრიჭინების დაუფასებელ შრომას მიანდობ სმენას. წამოწოლილს გასული დღე რაღაც უჩვეულოდ ლამაზი და დიდი გგონია. უფრო დიდი ვიდრე სამსახურში გატარებული 24 საათიანი ბიუროკრატიული დღე. უფრო ლაღი, უფრო ლამაზი, უფრო ადამიანური. და ისევ შენი ოთახიდა ისევ ის განცდა, მშობლიურის, შენის, შენეულის, რაც ასე თბილი და შენია გიპყრობს მთელი არსებით. შენთან ხარ, შენ ხარ, შენია. სწორედ ისეთივე შენი როგორც შენს ეზოში გადმოსული მზე



Spark! LED Drummers in Batumi

$
0
0

საინტერესო სანახაობა იყო. შოუ - როგორც ასეთი. თუ სადმე გადააწყდებით, არ ინანებთ. ხო მართლა - ჩამოდით ბათუმში








ტროას ცხენში ტროელ ქალებთან ერთად

$
0
0

ამ სპექტაკლზე ბევრი მსმენია. ბევრი, ბევრისგან და ბევრჯერ. ხოდა რაკი ბათუმში(ც) მომეცა მისი ხილვის შანსი - რატომაც არა - გავიფიქრე და წავედი. მით უმეტეს საზაფხულო თეატრში. ვიფიქრე სიცხესაც თავს დავაღწევ. თან "საუკუნეა"სპექტაკლი არ მინახავსთქო. ხოდა წავედი

ევრიპიდე იქით იყოს და... საზაფხულო თეატრის შესასვლელთან ვიხუმრეთ. კი ჰგავს ისე ეგ "საზაფხულო თეატრი"ტროას ცხენს. თან "უკნიდან"შევდივართ. რაღაც რეალობასთან ახლოს იქნება ეტყობაო. ხო. სპექტაკლის თემასთან არა, მაგრამ აი იმ ტროას ავად სახსენებელ ცხენთან კი ახლოს. ძალიან ახლოს. შიგნით

ცხელოდა. ძალიან. ევრიპიდეს არაფერი უთქვამს ჩემთვის. მაგრამ დარწმუნებული ვარ აი ასე ღაფავდნენ სულს ხის ცხენში გამოკეტილი აქილევსის თანამებრძოლები სანამ ტროელები ბჭობდნენ - ღვთის საჩუქარი იყო ეს ვეება ხუხულა თუ ?! თუ. შემოსასვლელი კარებიც რომ გადარაზეს, ქუსლიც კი მომეფხანა ავის ნიშნად. მაგრამ ეგ არაფერი. მთავარი აქ (ჰაერთან ერთად ) სულ სხვა რამ იყო.
ქალები. 


რეალურ ისტორიებზე აგებული, საკმაოდ მძიმე სპექტაკლი. ამბავი ქალების, ქალებზე, ომზე, მშვიდობაზე, ტკივილზე, მათზე და სხვებზე. ამბები, რომლის თხობაც მხოლოდ მათ, ქალებს შეუძლიათ რადგან სწორედ ისინი არიან ამ ამბების მთავარი და მეასეხარისხოვანი გმირებიც.


ოთხმოცდაათიანებმა, აფხაზეთის და სამოქალაქო ომმა ძალიან ბევრი, ანალოგიური, მიმსგავსებული, შედარებით მსუბუქი თუ უფრო საზარელი ამბებიც ბლომად დაგვიტოვა. თითქმის ყველა ოჯახის მეხსიერების ზარდახშაში, სადღაც იქით, ბოლო კუნჭულში დღემდეა შემონახული "ტროელი ქალების"გოდების ისტორიები. 


თუმცა არა მხოლოდ ქალების. მე კაცების ისტორიებიც ბლომად ვიცი. თუმცა ეგ სხვა სპექტაკლია. დღეს სცენაზე ქალები, დები, დედები, რძლები, მამიდები და დეიდები იდგნენ.


ისტორიები. სხვადასხვა ფერის, სხვადასხვა სევდის, სხვადასხვა ქალის. მაგრამ ქალის


ზოგჯერ დედის, ზოჯერ დის, ზოგჯერ ცოლის, ზოგჯერ შვილის - ქალიშვილის




საცნაური აქ ერთი ფრაზა იყო. გმირების ოჯახის წევრის. რომელსაც ომში დაღუპული გმირის პენსია ერიცხებოდა. ისინი გმირებს დასტიროდნენ და გმირის პენსიას იღებდნენ. თუმცა ამ ყველაფრის შემდეგ სიცოცხლე, არ დანებება, წელში გამართვა და ცხოვრებაც არანაკლები გმირობა იყო ( და არის). ხო, ისინიც გმირები არიან




ხოდა ასე. "ტროას ცხენიდან"დანახულმა "ტროელი ქალების"ისტორიამ ვერ გეტყვით რომ მომხიბლა. უფრო მსახიობების ნიჭმა და მათმა მართლაც და გმირულმა გამძლეობამ საამოდ გამახარა. იმ გაუსაძლის სიცხეში, იმ გაუსაძლისი ამბების გადატანა და განცდა - ხუმრობა საქმე როდია. ის კი არა, ერთი ორჯერ ისე "შევედი"მათ გასაჭირში, მინდოდა ის ცივი წყალი, რომელსაც ერთ-ერთ გმირს სახეში ასხამდნენ, მეც გმირულად გამენაწილებია. მაგრამ ამაოდ. 

არ ვიცი. მე არ ვთვლი რომ ეს რაღაცნაირად "ფემინისტური"სპექტაკლი იყო. ახლა ხო ზოგადად მოდაში ეგ და გენდერზე აგებული ხუხულები. შესაძლოა ეს იმათთვის იყოს ასე. ვინც ქალებს აქამდე არ უსმენდა და ახლა მიუგდო ყური. არა. ეს თითქმის დოკუმენტურ მასალებზე აგებული მხატვრული პიესაა. სადაც კონკრეტულად ქალთა ისტორიებია მოთხრობილი, კარგად შეკაზმული და შემზადებული. გზავნილი ერთია - ტკივილი ნებისმიერ ეპოქაში ერთნაირად, ძნელად, საშინლად გადასატანია. და ჩემთვის აბსოლუტურად სულ ერთია სქესი. მთავარია ადამიანი და როგორც მამაკაცი ვისურვებდი რომ მეტი წილი ნებისმიერი სატკივარის და სადარდებელის ჩვენს ხვედრზე მოდიოდეს. დანარჩენი გენდერულ-ფემინისტური ფრთასაშლელი სხვისთვის დამითმია


როგორც გენებოთ - ან - რაფერც გინდათ

$
0
0

შექსპირი პიაცაზე - კი, მშვენიერი იდეაა. მით უმეტეს თუ ეს ბუღაძისეული ინტერპრეტაციით და წულაძისეული სიმსუბუქითაა მოთხრობილი. "ზაფხულის ღამის სიზმრის"შემდეგ ეს უილიამის ალბათ ერთ-ერთი პირველი პიესაა, რომლის ხილვასაც გადახურებული ბათუმის არანაკლებ გადახურებული პიაცის მოედანზე ინატრებდა კაცი. 



რა გითხრათ ?! ისედაც სეფაგადაჭიმულ პიაცაზე ონავარი ნიავის ძიება ისეთივე ამაო იყო, როგორც ბოლო რიგებიდან სცენაზე შეყვარებულთა სასიყვარულო, საკეკლუცო დიალოგის შინაარსის გარჩევა. ამას  სცენის ირგვლივ მდებარე ბარებში მსხდომ, შეკვეთის მომლოდინე კლიენ - ტურის შიგადაშიგ შეძახილ - შეყმუვლებასაც თუ დავუმატებთ და სადღაც, სცენის იქით ცხოვრებისგან გაბრაზებული ჭურჭლის მრეცხავის არაადამიანურად ხმაურიან შრომის პროცესს. თამამად შემიძლია გითხრათ რომ სცენის ირგვლივ ტიპიური ბათუმური "ჯოჯოხეთი"იყო


სცენაზე კი უილიამ ბუღაძე-წულაძისა. სხვების არ ვიცი მაგრამ მე ძალიან მომწონს შექსპირისეული დროის თეატრების ერთგვარი ფაბულა. ეს საყვარელი ფუსფუსი, კულისისა და სცენის ლამის შერწყმა. არეულობა, ქაოსი, სიმსუბუქე, უშუალობა, გადათამაშება, იმპროვიზაციითვის დატოვებული სივრცე და რა თქმა უნდა იუმორი. იმასაც დავამატებ - მგონი საქართველოში შექსპირი ყველაზე გემრიელად სწორედ წულაძემ აუღლა, მოირგო და გააქართულა. ამას თუ კახიძის მუსიკას დავუმატებთ - უილიამსაც ძალზედ ეამებოდა ყოველივე ამის ხილვა.



ბოლო-ბოლო სწორედ ასე ამეტყველდა 2012 წელს გლობუსის თეატრში შექსპირი ბუღაძე-წულაძისეული ქართულით. 37 ენათა შორის, რომლითაც უილიამი იმ წელს თავისი სათქმელის მაყურებლამდე მიტანას სცდილობდა, ერთ-ერთი ქართულიც იყო. კი ბატონო.


გლობუსის თეატრის მაყურებელთა ყურამდე არ ვიცი, მაგრამ პიაცაზე უილიამს გაუჭირდა. ბოლო რიგებში სულ უფრო ხშირად და ხშირად იმატა "რაიო?! რა უთხრა?!"-მ.


მაგრამ ვისაც სმენაში ან იღბალში გაუმართლა და წინა რიგებში მოახერხა ჩაკვეტება ჩაჯდომა, თავი შექსპირისეული ისტორიის თანაზიარად იგრძნეს. სცენაზე ხომ ის მსახიობები იდგნენ, ვისი ხილვაც ბათუმში, თან სცენაზე ყველას ძალიან სწყუროდა. მით უმეტეს მალხაზ აბულაძე მეც კარგა ხანია არ მყავდა ნანახი ბათუმურ სცენაზე. 


ორმა მოქმედებამ ძალიან სწრაფად და საამოდ ჩაიარა. სიცხის და (აღარგანვმეორდები) მიუხედავად საღამო შედგა. მართალია მთლად ისე არა როგორც ავტორს და რეჟისორს ნებავდა... მაგრამ, როგორც გენებოთ ბატონებო, როგორც გენებოთ.


























ამ ყველაფერმა ისევ რამდენიმე წლის წინ წამოწყებული მშვენიერი პროექტი, ქუჩის თეატრიც გამახსენა. რომელმაც არა ერთი საინტერესო სპექტაკლი აჩუქა ბათუმელ მაყურებელს. დიდი იმედი მაქვს რომ ანალოგიურ ღონისძიებებს ჩვენი ღრმადკურთხეული ჩინოსნები გაცილებით დიდი ყურადღებას და ფინანსებს დაუთმობენ ვიდრე ფონოგრამაზე პირის ამღებ, წლების წიაღში ჩამალულ "არტისტებს". თუმცა ეს სამომავლოდ. მანამდე კი "როგორც გენებოთ"



Гоп стоп, мы подошли из-за угла დიდი მარჯანჯობა ბათუმში

$
0
0

Гоп стоп, мы подошли из-за угла სთქვა მიშამ და ბათუმის კორტებზე გულშემატკივართა არც თუ მცირერიცხოვანი ამალა შეკრიბა. კონცერტის დაანონსებისთანავე უმეტესობას პროტესტის გრძობა გაგვიჩნდა. იმ მომღერლების შენმდეგ, ვინც ბათუმს ამ ბოლო 9 წლის მანძილზე სტუმრობდნენ შანსონის და "ბლატნოი"სიმღერების რუსი მომღერლის ჩამოსვლა ლეპსის შემდეგ კიდევ ერთ სილად აღვიქვით ჩვენს გემოვნებიან სახეში. მარჯანჯა და აქ ?! სტინგის, ბოჩელის, კრის დე ბურგის და ჯაზ სტარების შემდეგ?! მაგრამ თურმე არა მხოლოდ ჯაზითა...

თანაც ვითომ და რუსეთი არაო, კოჭიც შემოაგორეს დევნილ, რეპრესირებულ და ჩაგრულ, ემიგრაციაში გადახვეწილ ებრაელზე.

წლების წინ, როცა მე ჯერ კიდევ ბალღი ვიყავი და თითებზე ჩამისათვლელი ბარებიდან ერთ-ერთში მიმტანად ვმუშაობდი. ბარში სულ სამი კასეტა და 7 ფირფიტა იყო. რა თქმა უნდა ფირფიტებზე უფრო მოთხოვნადი (კლიენტებიდან) კასეტაზე ჩაწერილი შანსონი და რუსული ესტრადა იყო. აქედან ლომის წილი კი შუფუტინსკის "ბლატნოი"ისტორიებზე მოდიოდა, რომელსაც დიდი სიამოვნებით უსმენდა იმ დროინდელი, ყველაზე მსუყე გადამხდელი  "ტამოჟნიკი", "ნეფტიანიკი", "მარიაკი"და "ბიზნესმენი". ხოდა სწორედ აი ამ მსუყე გადამხდელების წყალობით კასეტის ფირი გაცრეცამდე იყო დასული. მეხსიერებამ კი ძალაუნებურად შემოინახა ათასგზის გაგონილი სიმრერების ტექსტები, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ხუმრობა-ხუმრობაში ისე ლამაზად დალაგდნენ რომ გაკვირვებული დავრჩი.

შემდეგ კი გავიდა დიდი დრო. სიმღერების დამკვეთი შეიცვალა. უფრო სწორედ ის ფენა სადღაც მიიმალა. წინა პლანზე წამოვიდნენ მეამბოხე, თანამედროვე, პროგრესული და მოდური მიმდინარეობის თაყვანისმცემლები და ჩვენც ვიწამეთ რომ ყველა უსმენს ჯაზს, როკს, კლუბურ მუსიკას და ერთი ცნობილი ანეგდოტისა არ იყოს სამოთხეშიც მხოლოდ ჩვენ ვართ.

ვაპროტესტეთ, ვგესლეთ, დავცინეთ. ერთ მშვენიერ დღეს კი მოვიდა ჩემი ასაკოვანი თანამშრომელი და მკითხა ბილეთები სად შეიძლება ვიყიდოვო. რად გინდა მეთქი ვკითხე გაღიმებულმა, მეგონა მეხუმრებოდა. მაგრამ... ისეთი კარგი მოგონებები მაკავშირებს ამ ადამიანის სიმღერებთან, ისეთი რომ არ წავიდე არ შეიძლებაო. თან ეს ისეთი პიროვნებაა, დიდად რომ არ აწყდება საკონცერტო დარბაზებს. დავდუმდი. რა უნდა მეთქვა? ის რომ ეს მდარე ხარისხის რუსული ესტრადაა და ამაზე წასვლა ბანძობაა?! ვეტყოდი მაგრამ ამით ვერაფერს შევცლიდი. უყვარს, მოსწონს, აგონდება, სურს და სულაც არ თვლის რომ ეს მდარეა. მისთვის მობი, ბონო და რამშტაინი უფრო მიუღებელია ვიდრე ეს.

კონცერტი შედგა, ხალხიც იყო. იყვნენ ისინი ვისაც უნდოდა, იყვნენ ისინიც ვინც სპეციალურად ჩამოვიდა, იყვნენ ისინიც ვინც ვითომდა საქილიკოდ ეწვივნენ მაგრამ არა ნაკლებ გაერთნენ. 

ჩვენ უბრალოდ გვიჭირს აღიარება რომ შეიძლება ვუსმენდეთ სხვა მუსიკას, რომელიც სხვისთვის შეიძლება იყოს მდაბიო, მიუღებელი და უგემოვნო. მაგრამ იმ ადამიანისთვის ძალიან საყვარელი და სასურველი.  პრინციპში დღევანდელი ბათუმის ბულვარი ამის იდეალური განსახიერებაა. ის ერთგვარი მუზეუმია ყველანაირი გემოვნების და საკმაოდ კარგი ინდიკატორი იმისა თუ რომელ მუსიკას ანიჭებენ უპირატესობას დღეს, აქ. მერწმუნეთ 90-იანებში ვართ ისევ და მანდ ვიქნებით კიდევ კარგა ხნის მანძილზე, თუ გინდ რუსული ახალი, ზე ახალი სიმღერები აჟღერონ ბარებში და რესტორნებში. მაინც ის ყალიბია რაც 90-იანებში იყო. ხარობენ ისევ "ტამოჟნიკები", "ნევტიანიკები", ძველი "მარიაკები"და ძველი ბიზნესმენები. რომლებიც არ შუფუტინსკის არ ყოფნაში აკლებენ თავიანთ ხრინწიან ნამღერს კარაოკეზე აჟღერებულ ბლატნოი სიმღერებს. და ეს სიკეტე კიდევ უფრო ბლომად გვექნება ჩვენი ერთმორწმუნე ძმებთან ჩახუტების გრძელვადიან ტენდენციას თუ გავითვალისწინებთ.

სიმართლე გითხრათ არც ვიცი რა უნდა გაკეთდეს.
ავკრძალოთ რესტორნებში რუსული ესტრადა ?! დღეს გინდა აუკრძალე და გინდა არა. კანონი თაროზე დევს.
არ დავუშვათ მდარე ხარისხის მომღერლების კონცერტები ?! ვინ იხდის ის უსმენს - ბიზნესია, მოგწონს მიდიხარ, არ მოგწონს არა. მთავარია ეს სახელმწიფო დონეზე არ წყდებოდეს დადებითად.
შევეცადოთ მინიმუმამდე დავიყვანთ ანალოგიური ღონისძიების პრომოუშენი?! ქილიკიც, დაცინვაც და ანტი პიარიც მშვენიერი პიარია. სკანდალური რეპორტაჟები კი სასურველი საკბილო. 
ხო და ... არ ვიცი 
ფაქტი კი ფაქტად რჩება. სანამ ჩვენ მაღალ მატერიებზე ვბჭობთ

Гоп стоп, мы подошли из-за угла 


"ბონდოს ღამე"ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენაზე

$
0
0

ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენა. ეს ის ახლად შექმნილი ოაზისია, რომელიც ბათუმელებსა და თეატრის გულშემატკივრებს ძალიან ბევრ საინტერესო და სასურველ სიახლეებს შესთავაზებს. ამის მოლოდინი მე პირადად ძალიან დიდი მაქვს. დრამატული თეატრის დიდი სცენისგან განსხვავებით ასეთ, მცირე ზომის, სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში ძალიან ბევრი საინტერესო პროექტის და იდეის განხორციელებაა შესაძლებელი. ვსარგებლობ შემთხვევით და ვულოცავ ბათუმელ თეატრალებს და არა მხოლოდ მათ ამ სივრცის არსებობას. ნამდვილად სჭირდებოდა ეს ქალაქს.




ახლა კი იმ სპექტაკლის შესახებ, რომელმაც თეატრში მიმიყვანა. ინგმარ ვილკვისტის ნაწარმოების ქართული ადაპტაცია სახელწოდებით "ბონდოს ღამე" პირველი სპექტაკლი იყო რომელიც ამ ახალ სცენაზე ვიხილე. 


ტიტე კომახიძისა და მაია ცეცხლაძის მიერ გადმოცემული ორი ადამიანის სევდიანი ისტორია, პირადი და საერთო ტრაგედია. ის ემოცია, რომელიც ამ სპექტაკლის ნახვისას გეუფლება ნამდვილად ღირს იმად რომ ერთხელ კიდევ განიახლო ის მოუშუშებელი იარა რასაც აფხაზეთი ჰქვია. 


აფხაზეთში მცხოვრები ფსიქიურად დაავადებული მოზარდის და პედაგოგი ქალის ძალიან სევდიანი ისტორია ერთ მოქმედებიან პიესაშია მოქცეული. პიესა, რომელიც მთავრდება ბონდოს ღამით. რომელიც აგერ უკვე რამდენი წელია გრძელდება.


თუ მოგეცემათ ამ სპექტაკლის ხილვის შანსი - გამოიყენეთ. აუცილებლად.


და საერთოდ - ხშირად ეწვიეთ ბათუმის დრამატული თეატრის მცირე სცენას. განვმეორდები და ვიტყვი. მჯერა რომ აქ კიდევ არა ერთი საინტერესო შეხვედრა გველოდება.



მტირალა #2 გაქცევა ქალაქიდან

$
0
0

როცა ქალაქი დუღს, როცა ჰაერში მტვრისა და "სვეცკობის"ნაზავი უკვე აუტანელი ხდება. როგორც ჩვენი წინაპრები იტყოდნენ - "აფერი ხეირი არაა თქვენგან, წავედი აქედან"-ო და უნდა წახვიდე კიდეც


ქალაქიდან გასვლის სურვილი თითქმის კვირაზე მეტ ხანს მიტრიალებდა თავში. ხან საქმე, ხანაც სამუშაო, ხან სტუმარი, ხანაც სიცხე და ასე დაუსრულებლად. მანამ, სანამ მეგობრის სატელეფონო ზარი და ამაოებით მობეზრების პიკი ერთმანეთს არ დაემთხვა. თავიდან გომის მთა გვქონდა სამიზნედ. მაგრამ შემდეგ ისევ მტირალა ვამჯობინეთ და ყოველგვარი კომისიის, საბჭოს და მაპის  გარეშე. შევიკრიბეთ და გავედით, უფრო სწორედ გავიქეცით ქალაქიდან.


მტირალას ეროვნულ ნაკრძალზეადრეც მოვუყევი ჩემს მკითხველს. მოგზაურობა ქართულ სუბტროპიკებში მართლაც ცალკე მოსათხრობი თემაა. მაგრამ აღარ განვმეორდები. ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ ( მტირალა ). მე დრეს უბრალოდ იმ შვებაზე მინდა მოგითხოთ, რასაც გადახურებული ქალაქის ჯუნგლებიდან ბუნებაში გაქცევა ჰქვია.


მთის მდინარის ცივი წყალი ალბათ საუკეთესო საშუალებაა გახურებული სხეულის გასაგრილებლად. თუმცა რა ალბათ... ვისაც უგრძვნია დამეთანხმება - სამოთხეა.


მდინარის პირს ჩაყოლებული, ხავსმოდებული ხეების წყება სამხედრო კომუფლიაჟში გამოწყობილ კარისკაცებს მაგონებს. აქ ირგვლივ სიმწვანეა, სხვადასხვა სიხშირის და სხვადასხვა სიხასხასის მწვანე.




როგორც უკვე ვთქვი აქ თავისუფლად შეგიძლია იწამო და გაიზიარო შენი წინაპრების რწმენა წარმოდგენები ტყის სულების თაობაზე. რომ სადღაც იქ, ტყის მწვანედ შეფერილ ჩეროში ტყის მცველი - ოჩოკოჩია გარინდული. ხოდის ქვეშ კი ჭინკები შემალულან და ალიან შენს მცდარ ნაბიჯს. ჩხრიალა მდინარის ლოდის ქვეშ კი სუვ-ნანა ჩამალულა. უჰ. ამითამაშდა წარმოსახვა. ვინ იცის რა მოხდება როცა ჩვენს ბანაკს ღამის საფარი ჩამოაწვება. მანამდე კი დღეა და ვფუსფუსებთ.


ჩვენი ბანაკის შორიახლოს გაბმული ხიდით მდინარის მეორე ნაპირზე შეიძლებოდა გადასვლა. მაგრამ ეს მეორე დღისთვის შემოვინახე. დღე იწურებოდა, კარავი გასაშლელი, შეშა შესაგროვებელი და ნადიმი გასამზადებელი იყო.


ცოტა წინასიტყვაობასავით: არც მეტი და არც ნაკლები - ათი წლის წინ, თბილისიდან ბათუმში მომავალმა გუდვილში შევიარე. რაღაცეებით კარგად დავიხუნძლეთ და ამის გამო ძღვნად ფასდაკლებაში მოყოლილი კარავი შეგვაჩეჩეს. წამოვიღე და მას შემდეგ საკუჭნაოს კუთხეში ელოდა თავის ჯერს. ხოდა ახდა ოცნება. ჩემი "შ.პ.ს კარავი"გამოვამზეურე და გავშალე. იმდენად სასაცილო და ცქნაფა გამოდგა რომ ქოხიც კი დავარქვით. აი ისაა, ფოტოზე - ყველაზე პატარა. მოკლედ ასეა თუ ისე - კარავია და იმ რამით ღამეც კი გავათიე მასში.


ბინდი მალე ჩამოწვა. სიგრილე იმდენად საამო იყო რომ ბედნიერი სახეებით ვაკეთებდით გადანაწილებულ საქმეს. კოცონი მალე აგიზგიზდა. მწვადი აშიშხინდა, კიტრისა და პომიდვრის სალათას ხახვი ჩაეჭრა, მდინარეში ჩაციებულ ღვინოს ბოცას თავი მოვხადეთ. ჯერ კიდევ თბილი ლავაში გავტეხეთ და საღამოც დაიქოქა. 


შეწიწკინებულ მწვადს წითელი ღვინოც მოყვა, ღვინოს სადრეგრძელო, სადღეგრძელოს ისტორიები და ასე გავიკვლიეთ გზა წარსულსა და აწმყოში. გრძედზე და განედზე. სახალისო ისტორიები ერთი მეორეს აება, აჰყვა და სიცილ ხარხარში კარგა გვარიანადაც დაგვაღამდა.


ზომიერად შეზარხოშებულებს ცეცხლზე შემწვარმა სიმინდმაც მოგვისწრო. კი, არაჩვეულებრივი რამაა ცეცხზე შებრაწული სიმინდი. მის სურნელს ეტყობა ვერც ელიამ გაუძლო და წვიმა გვაპკურა. სახელდახელოდ გადაჭიმული "ტენტის"ქვეშ გაგრძელებულ ქეიფს წვიმამ უფრო მეტი სიმყუდროვე შესძინა. თუმცა ეგეც ცოტა ხნით. ელიამ დაგვინდო და ჩამქრალი კოცონი თავიდან ავაგიზგიზეთ.


კოცონთან მაინც სულ სხვა განზომილებაში იწყებს წიაღსვლებს ადამიანის ფიქრი. მითუმეტეს როცა გარშემო უღრანი ტყეა და ხოლო ცივილიზაციასთან ერთად-ერთი კონტაქტის მაუწყებელი დროდადრო მოწრიპინე მობილური ტელეფონია.

მოგიზგიზე ნაკვერჩხლების შემხედვარე ვიხსენებდით ძველ ლეგენდებს. ვალაგებდით ვერსიებს იმის შესახებ თუ რა და როგორ იქნებოდა შესაძლებელი. ცოტა მითოლოგია, ცოტა ეთნოგრაფია, ცოტაც ისტორია და ძილის წინ ფანტაზიის გასაღვივებლად საკმარისზე მეტი საზრდო დაგვიგროვდა. 

თუმცა დაღლამ თავისი ქნა და მალე ჩვე-ჩვენს კარვებში გავბობღდით. მართალია ღამით რაღაცეების და ვიღაცეების კარავთან ბოდიალის ფაქტს ქონდა ადგილი. მაგრამ ისე ვიყავით დაღლილები რომელიმე ნადირს ან სულაც ოჩოკოჩს პროტესტიც რომ გამოეხატა ჩვენი იქ ყოფნის გამო - სულაც არ  ვიყავით კარვიდან გარეთ გამომსვლელი.

მალე კოცონიც ჩაქრა და ვარსკვლავებით მოკირწლული ცა გამოჩბდა. ის ცა, რომელიც ხშირად არც კი ჩანს ხელოვნური ნათებით გადაკაშკაშებულ ქალაქში


მიუხედავად იმისა რომ დაღლილებს ძილი გვჭირდებოდა. დილით, მზის ამოსვლამდე უკვე გვეღვიძა. ცოტა ხანი ვიწექი და კარვის კარებს მიღმა ვუმზერდი დანამულ ბალახს. გრილოდა, არ წვიმდა და მეც გამოვბობღდი, საუკუნეა ასე ადრე არ ავმდგარვარ.


ფოტო აპარატი ავიღე და სახეტიალოდ გავეშურე. ირგვლივ მწვანით მოსილი ტყე იყო. კაკლის, თხემლის, აკაციის, თხილის და წაბლის ხეები ერთ დიდ, სქელ საფარს ქმნიდნენ. რომლის მიღმა შეჭვრეტა ყოველთვის მხიბლავდა. არც ეს დილა იყო გამონაკლისი და აი, ჩემი ცნობისმოყვარეობა დასაჩუქრდა კიდეც.


ჩვენი ბანაკიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, მთის ფერდობზე შეჭრილი ნაგებობა დავინახე. ქვით ნაშენი მართკუთხა შენობა აშკარად ათეულ წლებზე მეტი ხანის ნაგები უნდა ყოფილიყო. უზარმაზარი კედლების შიგნით, ოთახში ორი ბუხარი იყო ჩაშენებული, ერთი მცირე და მეორე შედარებით დიდი ზომის,


ნაგებობა მყარად იყო ნაგები, მაგრამ გაველურებულმა თხილის და კაკალის ფესვებმა მის კედლებს სათანადო ზიანი მიაყენა. თხილიც და კაკალიც ახალგაზრდა იყო. სავარაუდოდ აქაურობა 30-40 წლის წინად იყო მიტოვებული. საცხოვრებელს წინ ეზოს მაგვარი ადგული ქონდა მოსწორებული. შესაძლოა აქ ხის აივანი გამოდიოდა. რამდენიმე მეტრში კიდევ აღმოვაჩინეთ ნაგებობის ნაშთები.


საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდა აქაური დასახლება წლების წინ. ადგილი, რომელიც საკმაოდ მყარად იყო ნაგები ჩვეულებრივი სახლისთვის და რომელიც ახლა ტყემ შთანთქა. სავარაუდოდ ასეთი ნაგებობების ნაშთები კიდევ ბლომად იქნება ამ ტერიტორიაზე. მაგრამ მათ მოსაძებნად ამ ჯერად არც ეკიპირება გვქონდა ( ამას იქით საკმაოდ სქელი ეკალბარდები და გაუვალი ტყე იწყებოდა). თანაც დრო იყო ბანაკს დავბრუნებოდით.


მსჯელობამ იმის თაობაზე თუ რა იყო და როგორ იყო უკვე ფინჯან ყავასთან ერთად გაგრძელდა. კიჰ, ყავა ხო საოცარი სასმელია. მაგრამ ბუნებაში, გასაშლელ სავარძელზე მოკლათებული, შენს წინ გადაშლილ ტყეს რომ შეჰყურებ და შორიახლოდან მდინარის ჩხრიალი გესმის. მაინც სულ სხვაა.



ზოგი ლიტერატურას ეზიარა და ისე ნება-ნება სვამდა ყავას.


ზოგიც მორიგი სათავგადასავლო მოგზაურობით იყო წინასწარ აჟიტირებული და უკვე მზად.


ზოგიც კი იმას ფიქრობდა - ახლა ამ ყველაფერს რა ჩაალაგებს უკანო,


ზოგმაც წიგნის არსის  უკედ  გასაცნობად სათანადო ხერხი მოიგონა.

ოკლედ, ყველა ისე ვერთობოდით როგორც შეგვეძლო. როცა მზემ ჩენამდეც მოაღწია მივხდით რომ დრო იყო ჩვენი ბარგი აგველაგებია და დასაბრუნებლად გავმზადებულიყავით. 
მტირალაა, აქ ტენიანობა ყოველთვის იმაზე მეტია ვიდრე სასურველია, ნებისმიერი, მცირე სირთულის სამუშაოს გაკეთების დროსაც კი წყლად იღვრები. ხოდა ეს ალაგების პროცესიც მაქსიმალურად დაჩქარებულ ტემპში მოვაგვარეთ.
დელიკაში შევეყარეთ და ისევ დახუთული ქალაქისკენ გამოვეშურეთ.
მოკლედ ასე, საჭირო და აუცილებელია ასეთი გაქცევები ქალაქიდან. ბუნებასთან სიახლოვე.
მაგრამ აუცილებლად უნდა დაიცვათ ის წესები, რომელიც ზოგადად პიკნიკის და კემპინგის დროსაა გასათვალისწინებელი. ელემენტარული უსაფრთხოება და რაღათქმაუნდა სისუფთავე. ჩვენც ჩვენი ნასუფრალი კეთილსინდისიერად მივიტანეთ ნაგვის ურნასთან.
ახლა კი ვზივარ ბათუმში, კომპიუტერთან, ვწერ ამ პოსტს და ვფიქრობ - რა კარგი იყო იქ, ტყეში, კოცონთან, სიგრილეში, ქალაქიდან შორს... ქალაქიდამ რომლიდანაც მალე ალბათ ისევ გავიქცევი

ბათუმში ნინოს ნეკნები ჩაულეწეს

$
0
0
საქართველიშო მარტო ლარი არ დაცემულა, ნინოც - ზედ დაჰყვა და ნეკლებიც ჩაილეწა. როგორც ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა მითხრა ( რომელსაც ალისა და ნინოს მოძრავი კონსტრუქციის გადატანა ევალებოდა ) უსაფრთხოების ყველა ზომა დაცული იყო, მაგრამ...



მაგრამ ეტყობა ნინო გაუძალიანდა, არ უნდოდა ადგილის დათმობა და შედეგი სახეზეა, უფრო სწორედ ნეკნებზე. ფერდ შელეწილი ალი დასევდიანებული ალის ფეხებთან სახეზე სუდარაგადაფარებული ასვენია.



იმედია ამ კონსტრუქციის ავტორს მაინც ჩააყენებენ საქმის ყურში და თავად არ შეეცდებიან ექიმბაშობას...



"ეგ ალუმინია, ადვილად გასწორდება"მანუგეშა იქვე მდგომმა


უსაფრთხოების ყველა სტანდარტი იყო დაცული თოჯინების თეატრის მშენებლობისას, როცა ამწემ ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი აივანი ჩაანგრია...



შეგახსენებთ, ალისა და ნინოს მოძრავი კონსტრუქციის გადმოტანის საჭიროება ზღვის მიერ კონსტრუქციის ფუნდამენტის გამორეცხვის გამო გახდა აუცილებელი.



CRITICAL MASS BATUMI 28.08.2015

$
0
0

ესეც აგვისტოს ველო მსვლელობა. ყველაზე მშვიდი და ხალისიანი. ბოლო-ბოლო ისწავლენ რითი განსხვავდებია მსვლელობა რბოლისაგან. დიდი მადლობა პატრულის ეკიპაჟს რომელიც ზრუნავდა მსვლელობის უსაფრთხოებაზე. მეტი ველო - მეტი ჰაერი და ჯანსაღი ადამიანები. ეს ისევ აქტუალურ თემად რჩება. მითუმეტეს როცა ჯიპოსანთა რიცხვი ქართული ღიპის პროგრესიით სამწუხარით მხოლოდ იზრდება. ისევე როგორც პარკინგის და პარკირების წესის მცოდნეთა დეფიციტი. თუმცა ამასაც ეშველება - ნელინელ ;)

ბათუმობას გილოცავ ბათუმო

$
0
0

ფერადი, ხასხასა, ხალისიანი დღესასწაული. დღევანდელი დღე უფრო ახლოა ჩემს წარმოსaხვაში აგებულ ბათუმთან ვიდრე სხვა დანარჩენი დღესასწაულები. მარტო ის რად ღირს ქუჩაში ტრადიციული სუფრა რომ არ გამართეს და შემოგეგებულ სამთავრობო დელეგაციას სადღეგრძელო სადღეგრძელოზე რომ არ ესროლეს. ( ესეც იქნება ალბათ. მაგრამ კარგია რომ არა სახალხოდ ) და არც უდიდესი აჭარული ხაჭაპურის საზეიმო დაბრდღვნაგამართულა.
კიდევ ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ უნდა მიყვარდეს ეს დღესასწაული ისაა რომ მხოლოდ ასეთ, იშვიათ და საგანგებო მომენტებში ქალაქის ცენტრში იზღუდება საავტომობილო მიმოსვლა. მართალია ეს ევროპის ქალაქებში ისედაც ხდება და ამით ვერავის ვერ გააკვირვებ. მაგრამ ჩვენთან ეგ სიამოვნება მხოლოდ თეორიაა, რომელიც პრაქტიკაში მხოლოდ ასეთ მომენტებში ვლინდება.


აი მაგალითისთვის, როგორ ლამაზად და კოხტად გამოიყურება ხალხში "ბიკენტიას ბარად"წოდებული რესტორანი ''BK''. ყოველგვარი მიცვენილი და მიხოხოლებული ჯიპების და ტაქსების გარეშე. როგორც ხედავთ ისედაც შეიძლება თურმე კაფეში მისვლა. ქუჩაც თავისუფალია და შეჭმული ტროტუარიცცოტათი უფრო ნაკლებად სადარდოა.




კიდევ ერთი, ულამაზესი ქუჩა ბათუმში ნ.დუმბაძის ქუჩაა. პატარა და მყუდრო ქუჩა ციცქნა ბარების და მათი მოყვარულების თავშეყრის საკმაოდ ცნობილი ადგილი იყო. თავის დროზე აქ ავტომობილის მოძრაობა აკრძალეს. შემდეგ კი შეიცვალა ზემდგომები და მიდგომებიც. ამჯერად ეს ქუჩა ავტომობილებით ყველაზე უაზროდ გადატვირთული ადგილია ბათუმში. რის გამოც მისი ეშხი და სიკოხტავე მთლიანად ჯიპების მუცელქვეშ არის ამოფარებული. 


დღეს კი აღადგინეს (დროებით) ძველი აკრძალვა და აი, იხილეთ - როგორი შეიძლება იყოს და როგორი უნდა იყოს დუმბაძის ქუჩა.


ქოლგა - აქსესუარი, რომლის გამოყენებას პიარში ყველანაირად ერიდებოდნენ მაშინ როცა საქმე ბათუმს ეხებოდა (ესაო და წვიმა ნეგატივიაო), დღეს ძალზედ აქტუალურია. ქოლგებ შეკიდული ქუჩებიბათუმის სინამდვილისთვის უკვე აღარაა უცხო ხილი. მაგრამ თვალს მაინც ახარებს


არადა უფრო უკეთესი "სატყუარა"ტურისტების მოსაზიდად რა გინდა სხვა ვიდრე მოვლილი, დალაგებული, მოწესრიგებული და ქვეითთათვის უსაფრთხო ქუჩები.


აღიარეთ რომ კარგია :)


მგონი ეს პირველი ბათუმობა იყო სადაც "ბარიშნებს"და ფაეტონს არ უვლია აკარდეონის მუსიკის თანხლებით რათა კიდევ ერთხელ გაგვესვა ხაზი იმ აზრისთვის რომ ბათუმი "ძველი ქალაქია". დღეს ამ სიძველეს ერთგვარი ახალი სიცოცხლე შეემატა. ახალი აქცენტი და აზრი და მე ეს მომწონს. 


რა ათქმა უნდა ხელნაკეთი ნივთების გარევაჭრობის გარეშე აბა როგორ?! ამ პატარა რიგებს მუშტარიც ბევრი ყავდა და ოსტატიც.


ეს კი ნორჩ კონსტრუქტორთა კლუბის "კუთხეა". როგორ ვოცნებობდი ბავშვობაში ამ კლუბში მოხვედრაზე. მაგრამ იმ ანეკდოტის არ იყოს "მაშინ მოკტა ლენინი"


და რა თქმა უნდა სასულე ორკესტრი. აბა მათ გარეშე როგორ. სასულე ორკესტრი და მეზღვაურები ამ  ქალაქისთვის ისეთივე სახასიათო რამაა როგორც ზღვა და ყავა.


მოკლედ ასე მეგობრებო. თუ ბათუმში ხართ - ნუ დაიზარებთ და გამოდით. გაამდიდრეთ თქვენი მოგონებები და ფოტო არქივები ხასხასა ფერებით. თუ აპირებთ ჩამოსვლას - ძალიან კარგი. თქვენაც გერგებათ წილად ამ დღესასწაულის თანაზიარი იყოთ. ხოლო თუ არც ბათუმში ხართ და ვერც ჩამოდიხართ - გადაავლეთ ხოლმე თვალი ბლოგზე ატვირთულ ფოტოებს და იქნებ თქვენც ასევე გეწვიოთ ნანახით გამოწვეული სიხარული როგორც ამ პატარებს.


ბათუმობას გილოცავ ბათუმო

ბათუმობის ბათუმური ღამე

$
0
0

როგოგრც შეგპირდით ბათუმობის ღამის ფოტო რეპორტაჟსაც შემოგთავაზებთ. თუმცა ისიც უნდა ითქვას რომ ბათუმობის, როგორც დღესასწაულის ეპიცენტრი წელს (სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ) არა რომელიმე დიდი და ხალხმრავალი მოედანი, არამედ ერთი პარატა, ნოდარ დუმბაძის სახელობის ქუჩა გახდა რომელიც ამ დღეებში სწორედ ისე გამოიყურება როგორიც წესით უნდა იყოს ლამის ყოველ დღე. მაგრამ ამ თემაზე (და არა მხოლოდ) შემდეგ. მანამდე კი ბათუმური ღამე.



ეჰ. რომ იცოდე მკითხველო რამდენი რამ შეუძლია ამ პატარა ქუჩას. რამოდენა პოტენციალი და შანსი აქვს მას გახდეს ბათუმის"ძველი არბატი"ან "მონმარტი". მაგრამ ეს მაშინ. როცა ზემდგომი მიხვდება რომ სწორი გადაწყვეტილება გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე ჯიპის მიყუდება სასტუმროს წინ


გადანათებულ "დუმბაძეს"არც ღამით აკლდა მნახველი და შემფასებელი. დიზაინერების დეფილესაც კი უმასპინძლა და საკმაოდ წარმატებითაც.



მოკლედ რომ ვსთვქა დუმბაძის ქუჩას გაცილებით მეტი მნახველი ჰყავდა ვიდრე ანბანის კოშკთან მიმდინარე კონცერტს მსმენელი.  

ქავერები, ქავერები, ქავერები გზად და ხიდად.
კიდევ ერთი პრობლემა რომელიც ნელინელ იმედია მოგვარდება. მომენატრა ჯგუფის მიერ შესრულებული საკუთარი სიმღერა ( ხარისხზე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ). ქავერი შეიძლება იყოს საინტერესო კლუბში ან რესტორანში და არა "დიდ"სცენაზე... კარგი, ერთი ორი ... მაგრამ ამდენი... მაგრამ ჩავთვალოთ რომ ქავერ კონცერტი იყო და გაპრავდება. არადა მართლა შეუძლიათ საკუთარი სიმღერების მღერა, თან კარგად.



არც პატარა მსმენელს მოეწონა ქავერების სიმრავლე


თუმცა მოვიდა "ნემო"და ამოყვინთა ქავერთა ზღვიდან. მგონი ერთად-ერთი ჯგუფი იყო რომელმაც საკუთარი სიმღერები შეასრულა რის გამოც დიდი პლიუსი მას.


შემდეგ კი მოვიდა მებო ნუცუბიძე და დაიწყო სულ სხვა რამ რასაც BearFoxი ჰქვია


კი, აქაც იყო ქავერები, მაგრამ (არ მიწყენენ სხვებითუ ვიტყვი რომ) სულ სხვაგვარი შესრულებით. თუმცა რატომ მხოლოდ ქავერები. აქ ყველაფერი იყო რაც გსურდა რომ მოგესმინა. ტემბრი, ხმა და მანერა სწორედ ისეთი იყო როგორიც შეეფერებოდა შავი, ნახევრად ტკბილი ღვინის მეგობრებთან ერთად დაგემოვნების საკმაოდ სასიამოვნო პროცესს. ( კი, ღვინოც გემრიელი იყო) 


ერთი სიტყვით. ბათუმობის ბათუმური საღამო მებო ნუცუბიძის ტკბილჟღერადი ხმით და ნახევრადტკბილი ღვინით დასრულდა. საამო იყო ერთიც და მეორეც. ხოდა კიდევ ერთხელ მინდა ვსთქვა - ბათუმობას გილოცავ ბათუმო 


ყავაში შერეული კაიმაღი - ბათუმობის მერენდელი პოსტი

$
0
0
ბათუმობა დასრულდა. ფერადი ქოლგებით, ფრანებით, შეღებილი ქვაფენილით და მებონუცუბიძის ნამღერითგამოწვეული ეიფორია მინელდა. დღეს უკვე შეიძლება მოგონებებთან ერთად თაროზე ფაქტებიც შემოვაწყოთდა გადავხედოთ. როგორი იყო ბათუმობა 2015.
რომ გითხრათ რაიმე გრანდიოზულს ველოდითქო - მოგატყუებთ. უბრალოდ რამდენიმე წელია რაც "მოდიდან გადასული"გრანდიოზულობადა პომპეზურობა "ცოტ-ცოტამდა ბევრ-ბევრმა"ჩაანაცვლა. რაც არც თუ ისე ცუდი რამაა, მაგრამ თუ ერთი კონკრეტული ღონისძიების გაპიარება გაცილებით უფრო იოლია, ბევრ, ხშირ და გაფანტულ ღონისძიებებს იგივე ბედი სამწუხაროდ არ სწყალობს.

ბათუმში წელს სეზონის შუა რიცხვებიდან დაიწყო ჰიტბათუმი - მოვლენა, რომელმაც თავის თავში გააერთიანა ლამის ყველაფერი რაც კი ბათუმში ზაფხულის განმავლობაში მომხდარა. ანუ აქ ყოველ დღე რაღაც ხდებ(ოდ)ა. თავიდან ხალხი კითხულობდა რა ხდებოდა, სად და როგორ. თუმცა მალე მოსწყინდათ კითხვა და ძიება, მიხვდნენ რომ გასეირნებისას მაინც გადააწყდებოდნენრაიმეს და ასე გააგრძელეს. სეირნობა. ნაკლებად ინტერესდებოდნენ აფიშებით, ტვ-რადიორეკლამებით, ფლაერებითდა ჰეშთეგებით, მაინც ხდებოდა რაღაც.

ხო და მაინც მოხდა რაღაც და ამ რაღაცაში და სადღაც ძალიან კარგი და საინტერესო რაღაც-ვიღაცეებიცჩაიკარგა-დაიკარგა. ისე რომ მაყურებელს და მსმენელს არც კი სმენია მათ შესახებ.

დაახლოებით ასეთი რამ მოხდა ბათუმობაზეც. ჰიტბათუმსგადაყოლილებსცოტათი გადაავიწყდათ რომ ეს დღესასწაულიც გასაკეთებელი იყო. იქ დაიგვიანეს, იქ ტენდერმავერ გაამართლა ბოლომდე, იქ ის არ გამოვიდა, აქ ეს და სავარაუდოდ ეს გახდა იმის მიზეზი რომ ბათუმობას"მიაბეს"კიდევ ერთი ფესტივალი, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა დააანონსა. ფესტივალი "განდაგანა"აჭარის რეგიონის ეკოტურებისთვისდა ზოგადად ტურისტებისთვის საინტერესო ექსპოზიციებითუნდა ყოფილიყო დატვირთული. უნდა წარმოეჩინა აჭარის ტურისტული პოტენციალი, ეთნოსი, ფოლკლორი, სამზარეულო, ხუროთმოძღვრება...

და რა შუაშია ეს ყველაფერი ბათუმობასთანოიკითხავთ თქვენ. მართალიც იქნებით. არც არაფერში.

თავად იდეა "განდაგანის"მშვენიერია. მაგრამ მისი ბათუმობაზე, ისედაც თვითმყოფად და თვითსაკმარდღესასწაულზე დიდი შეცდომა იყო. ამ "შერწყმამ"ბათუმობის, ქალაქობისდღესასწაულის თემა მთის, "სოფლის ნობათის", ფოლკლორის და ფერმერის თემით გადაფარა. ყოველ შემთხვევაში ევროპის მოედანზე მოხვედრილ ადამიანს თავი "მრეწველთა კლუბში"უფრო ეგონებოდა ვინემ ბათუმობაზე.

სიტუაცია მეტ-ნაკლებად ამოქაჩადუმბაძის ქუჩის ინსტალაციებმადა გაფორმებამ. მეტ წილად მას უნდა ვუმადლოდეთ იმას რომ წელს ბათუმობამქალაქის დღესასწაულის იერსახე შეინარჩუნა. ამ მოვლენის ფოტომასალას წინა პოსტებშიუხვად იხილავთ. სადაც "განდაგანას"ფესტივალის რამდენიმე კადრიცაამოხვედრილი. ეს ფესტივალი შეგნებულად არ გადავიღე სრულად, რადგან სულ სხვა დღესასწაულის გაშუქებდამსურდა.

იყო კონცერტებიც როგორც ერას მოედანზე, ასევე კულტურის ცენტრში. მაგრამ "ყოველ დღე რაღაც ხდება"თი გაბრულებულებადა ბათუმობის არასათანადოდ გაშუქებით ნაკლებად ინფორმირებულმა მოსახლეობამ არც კი იცოდა რომ კულტურის ცენტრში ანიტა რაჭველიშვილი ელოდა

ეს ის ამბავია, როცა ღონისძიებათა სიმრავლე მათ ხარისხიან ჯამზე არ მეტყველებს.

ამას ბათუმობის დღესასწაულის გახსნაზე ზესტუმართმასპინძლობისუნარის გამოვლენის აპოგეას - დამსწრე საზოგადოებისადმი რუსულ ენოვანმიმართვას და ხიდების გადებისმცდელობას დავუმატებთ (თარჯიმნის არსებობა და ფუნქცია რატო გამორიცხეს ვერ გავიგე) საკმაოდ სახალისო სურათი წარმოგვიდგება.

დღესასწაული, რომელიც ერთი ქუჩის ხარჯზე გავიდა ფონს. ყავა კარგი, არომატული სასმელია და მისი კაიმაღთანარევა, ულუფის გაბევრებისსურვილის გამო დიდად გამართლებული იდეა ნამდვილად არ არის.

მთლიანად ნეგატიური რომ არ გამოვიდეს ჩემი დღევანდელი პოსტი, სხვა პლიუსებსადა სიკეთეებზე წინა ორი პოსტიც საკმაოდ მრავალ სასიამოვნო მოგონებებს ინახავს. ასე რომ ქატოც იქა და ფქვილი აქა. იმედია მომავალ ბათუმობაზე ქალაქი უფრო კარგად იქნება წარმოდგენილი ვიდრე იყო.
წინ კიდევ ზაფხულის შემაჯამებელი პოსტი გველის ;)

ბახმარო, ნისლებს იქით. თავი პირველი BAKHMARO

$
0
0

ბახმარო. ეს ის ადგილია რომლითაც ნებისმიერი გურული ისე ამაყობს როგორც იტალიელი რომით, ბერძენი დელფოსით ან ფრანგი ეიფელის კოშკით და მერწმუნეთ, ჩამოთვლილთაგან  ყველაზე მეტად სიყვარულითა და აღელვებით ისევ გურული თუ ისაუბრებს. იმიტომ რომ ეს ბახმაროა, გურიაა.  აქ გურიის სამი არტერიის - ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის დუღილი სრული სიცხადით იგრძნობა. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ნასროლი სხარტი იუმორიც სულ სხვაა. თუ არ გჯერათ - თავადვე შეგიძლიათ გადაამოწმოთ. ეწვიეთ ბახმაროს.


ბახმარო


ქალაქიდან, ყოველდრიური რუტინიდან და ბოლო-ბოლო სიცხისაგან გაქცევის სურვილი მშვენიერი მოტივია საიმისოდ რომ შენი კარგახნის წინანდელი სურვილი აისრულო და აქ ამოხვიდე. მითუმეტეს როცა ამ იდეის განხორციელებას წინ არაფერი არ ეღობება გარდა უბრალო, ბანალური სიზარმაცისა. დანარჩენი მოგვარებადია.

არაჩვეულებრივი სილამაზის, მოწესრიგებული, მოვლილი და გამართული გზა ჩოხატაურიდან სულ რაღაც საათნახევარში 2050 მატრით აგამაღლებთ თქვენც და თქვენს განწყობასაც. თუმცა მანძილის დაფარვის დრო თქვენზე და იმაზეა დამოკიდებული თუ რამდენად იოლად გაუძლებთ ცდუნებას სადმე, არაჩვეულებრივად ლამაზ მოსახვევში არ შეაჩეროთ ავტომობილი მორიგი ფოტოს გადასაღებად. ხოლო მას შემდეგ, რაც საწადელს აისრულებთ ბახმაროც იქვეა. ნისლის კარიპჭის მიღმა.


პირველი რასაც ქალაქიდან აქ ამოსული გრძნობ ეს სუნთქვაა, გახსნილი, ხარბი, ორივე ნესტოთი ჩასუნთქული და ღრმად ამოსუნთქული ოდნავ ცივი ჰაერის ნაკადი. შენი ღრმა და თავისუფალი სუნთქვა

კურორტის ისტორიაზე და ლეგენდებზე აქ თავს არ შეგაწყენთ. შემდეგ მოგითხრობთ. უბრალოდ მინდა თვალი გადაავლოთ ბახმაროს დღევანდელობას. კომუნისტური წარსულის "დიადი"ნაშთები თანამედროვე კოტეჯების გვერდიგვერდ საკმაოდ მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. 


გურიის ქუჩა, აჭარის ქუჩა, მახარაძის, ვაკიჯვრის, სატყეოს ქუცები. დავითიანცის მოედანი. ვინ იცის აქ გატარებული ზაფხულის რამდენი თაობის მოგონებები უკავშირდება ამ სახელებს. ამ სახლებს, რომელთა უმეტესობა თოვლისა და დროის სიმძიმილმა ოდნავ  დაღალა კიდეც. თუმცა ისინიც კი ცოცხლდებიან ონავარა ბავშვების ჟრიამულით.


ბახმაროში სეზონის მიწურულს ამოვედით. მე თუ მკითხავთ იდეალურ დროს. არც ხალხმრავლობაა და არც ორომტრიალი. ჩვენი მასპინძელი, დავით საჯაია ხის კოტეჯამდე მიგვიძღვა და ჩვენს განკარგულებაში ორ სართულიანი, დარაბებიანი კოხტა სახლი ოფიციალურად გადმოგვცა. 


ხის სახლი - ეს ხომ საერთოდ ცალკე თემაა, სხვა შეგრძნება, სურნელი და მოგონებები.


დაბანაკება


აი ის გრძნობა, მგზავრობის შემდეგ შენს ზურგჩანთას საწოლზე რო მიაგდებ და ახალი გარემოს შესწავლას იწყებ. ახალი სახლიც ხომ ისეთივე საინტერესო რამაა როგორც ის რაც სახლის კედლებს მიღმა გველოდება.

ხის ორსართულიანი კოტეჯი. შუქი, გაზი, ყინულივით ცივი და ცხელი წყალი, შეშის ღუმელი, გაზი, აბაზანა და საპირფარეშო. ერთი სიტყვით ასეთ კოტეჯს დიდი სიამოვნებით ჩავდგამდი ყველგან, სადაც კი მოვისურვები დასვენებას. 

პირველი რიტუალი რაღათქმაუნდა ყავის სმა იყო. აბა როგორ, ბათუმიდან სამ საათიანი მგზავრობის მერე რაღათქმაუნდა ყავა. 

ბახმაროს "სუპერ მარკეტში"ჩემს მიერ შეძენილი ჭიქა მართალია ყავას ძლივს აკავებდა (გაბზარული აღმოჩნდა) მაგრამ ჩემთვის საყოფი კოფეინის დოზა მაინც მივიღე. საამო რამაა ყავა ხის სახლის აივანზე და გარედან შემოსული ფიჭვის სურნელი.
ოდნავ შევისვენეთ, თვალი გადავავლეთ ჩვენი სახლის აივნიდან გადაშლილ პეიზაჟს და მივხვდით - დროის ფუჭათ კარგვა არ გვარგებდა. უნდა გავსულიყავი იქ, სადაც სიმწვანე იყო



ტყე


ჩვენი სახლი გურიის ქუჩაზე იდგა. კოტეჯის უკან კი მწვანე, სურნელოვანი ფიჭვის ტყე იწყებოდა. მისია პირველი, რომელიც კოცონისთვის შეშის შეგროვებას გულისხმობდა სწორედ აქ დაიწყო.


ტყეს უვლიან. ეს ბახმაროს უკვე ეტყობა. დაავადებული ხეები გამოხშირულია და მათ ნაცვლად ნორჩი ფიჭვები იწყებენ "რბოლას"მზისკენ. ეს ნორჩი სიმწვანე მართლაც ძალიან წარმტაცი რამაა. ძალაუნებურად იწყებ ფიქრს - როგორი იქნება ეს ყველაფერი ზამთარში...


ნელი-ნელ. სვენებ - სვენებით მიყვები აღმართს ახლის ძიებაში და ვერც კი ამჩნევ რომ უკვე საკმაოდ მაღლა ახვედი. 


ყოველ ჯერზე ტყე უფრო და უფრო ხშირდება. ნორჩი სიმწვანე ბებერი ხავერდით იფარება და უკვე იქ ხარ სადაც თავისუფლად შეიძლება გადაეყარო ადგილის დედას ან სულაც ოჩოკოჩს. 


აყვავილებული ფიჭვი და ნაძვი. თითქმის ფეხის ყოველ ნაბიჯზე ანკარა ცივი წყარო. ხის კენწეროებს მიღმა ზამბახისფერი ზეცა და საოცარი სიმშვიდე. აი ის, რაც გჭირდებოდა.


კარგია ეს ყველაფერი, მაგრამ დასვენებასაც და გარინდულად წოლასაც ააქვს საზღვარი. ნელი-ნელ ივსები ენერგიით და შენც ანცობის ხასიათზე მოდიხარ. აი სად გამოგადგება იქვე, "ბახმაროს სუპერმარკეტში"ნაყიდი საპნის ბუშტების გასაშვები... აი ბუშტებიც.  ამ გამჭვირვალე "ბროლის"ბურთების შემყურეს ახლა ნამდვილად შემეპარა ზამთრის "ნოსტალგია". ესეც საპნის ბუშტებით გაწყობილი ნაძვის ხე ...


ეს ქუდიანი ვაჟბატონი ისე ხშირად მხვდებოდა კუნძების ძირში, ვიფიქრე კიდეც - მოვკრეფ და წავიღებთქო. მაგრამ ასეთი სახის ექსპერიმენტებისთვის ნამდვიალდ არ ვიყავი მზად. ამიტომ დვტოვე - იცოცხლოს.


რაც მთავარი იყო შეშა მოვაგროვეთ, შევახუხულეთ და უკვე თამამად შეგვეძლო ჩვენი მოგზაურობის მეორე პუნქტზე, მზის ჩასავალი მთის დალაშქვრაზე გადავსულიყავით.
ცნობისთვის, აქ იმდენი სახელოვანი და სახელიანი მთაა ირგვლივ, თითო რომ თითო დღეს დალაშქრო მთელი ზაფხული არ გეყოფა. ამიტომაც ჩვენ ყველაზე იოლად დასალაშქრი ავირჩიეთ, მითუმეტეს რომ უკვე საღამი იყო შესაფერისი დრო.


მზის ჩასავალი 


როგორც მიხვდით მზის ჩასავალი მთა ბახმაროს დასავლეთით, მზის ამოსავალის საპირისპიროდ მდებარეობს. გზა არც თუ ისე შორია. მითუმეტეს თუ მის დაფარვას ჩვენსავით ავტომობილით გადაწყვეტთ. 


მთა ალპურ ზონაში მდებარეობს. ტყე ქვემოთ დარჩა, რის გამოც მის ფერდობზე ძალზედ წარმტაცი ხედი იშლება. ქორის, შევარდნის და მიმინოს "ნადიმის"ამსხველი ფაქტები აქ საკმაოდ მრავლად შეგიძლიათ იხილოთ. აი ასე, "ველად გაფანტული"ბუმბულების სახით


სანამ მზე დასავლეთისკენ დააჩქარებს სვლას ვერც კი ამჩნევ თუ როგორ გროვდებიან ქულა ქულა ღრუბლები ბარში ერთ დიდ ფუმფულა საბნად. როგორ მოცოცავენ მთების ფერდობებზე და როგორ იბადება ნისლი. 
შემდეგ მზე სულ უფრო ახლოს ჩამოდის ფუმფულა ჰორიზონტთან და სადღაც იქ. ბინდის საფარქვეშ იმალება. კი, ეს სულ სხვა დაისია. ღრუბლების ჰორიზონტს მიღმა ჩასული მზე. 


ღამე 


შემდეგ კი რაღათქმაუნდა კოცონი. ხმელი ფიჭვი უმალ აგიზგიზდა და ბინდთან ერთად შემოპარულ საამო სიცივეს წარმატებით "ებრძოდა". ცოტაც და კარტოფილისა და ალალ ბედზე მოპოვებული სიმინდის შესაწვავი ნაკვერჩალიც დაიყარა. 

კოცონის ბუტბუტი, დროდადრო ნასროლი ბრაზიანი ნაპერწკლები, ნაცრიდან გამოქექილი შებრაწული კარტოფილი, ცხელი ჩაი და მეგობრების ბაასი. კი. აი ეს ნამდვილად, დანამდვილებით საჭირო კომპონენტია საიმისოდ რომ ტავი ბედნიერად იგრძნო. მიუხედავად იმისა რომ კოცონთან კარტოფილისთვის ბრძოლაში ლამის თითების შეიბრაწე. მაგრამ "ვარდი უეკლოდ"და შემწვარი კარტოფილი კოცონიდანო...

შემდეგ კი იყო დიდი, ოდნავ სუსხიანი და უღრუბლო, უმთვარო ღამე. რომ არა მოძალებული ძილის სურვილი და დაღლილობა წამოვწვებოდი იქვე და დილამდე ვითვლითი ვარსკვლავებით მოკირწლულ ცაზე მოკიაფე მნათობებს. სადღაც შორეთისკენ გეზ დადებულ თვითმფრინავებს და ოცნებებს, რომლბიც ამ ცის შემყურეს ვარსკვლავებივით გათოვს თავზე...

მაგრამ მოვიდა ძილი და ჩემი დღის წესრიგიც სათანადოდ შეიცვალა. მაგრამ დამრჩა ფოტო. ფოტოკამერამ გრძელვადიან რეჟიმზე ვარსკვლავების ტლანქი მოძრაობაც კი აღბეჭტა. სწორედ მაგიტომაა წერტილები ოდნავ გადღაბნილი... თუმცა ფოტოდან განსხვავებით სიზმრები ძალზედ ცხადი და ფერადი იყო... აი ისეთი, როგორიც უნდა გესიზმრებოდეს ბახმარიში.


ბახმარო - მოგიხდება გამხმარო BAKHMARO

$
0
0

დილით მთის ფერდობზე მთვლემარე ნისლს მივუსწარი. თუმცა დილის პირველ სხივამდე ვნახე ძალზედ უცნაური სანახაობა. ჩემი ფანჯრიდან კარგად მოსჩანდა თუ როგორ იკლაკნებოდა და ელავდა ბრაზმორეულ გონებაში შეპარული ფიქრივით ბარში ჩაწოლილ ღრუბლებში ელვა. ეს ღირდა იმად რომ ფეხზე წამომდგარს გეცქირა მანამ, სანამ არ ჩაუწყნარდებოდა ზნე ავდარს და არ დამშვიდდებოდა. ოღონდ ეს ყველაფერი იქ, ბარში ხდებოდა. ბახმაროს ცას კი ისევ ვარსკვლავებით მოჭედილი კაბადონი ეხურა.



ადრე ავდექი, ვეღარ მოვისვენე. მოვიარე ირგვლივ ყველაფერი. სეირნობამ და დილის სუფთა, ცივმა ჰაერმა ისე ამიშალა მადა. სხვებს ვეღარ დაველოდე და ჩემთვის პატარა ზეიმი მოვიწყვე.


აქ მოდუღებულ უბრალო ჩაისაც კი საამო გემო აქვს. სვამ ნება-ნება და აკვირდები გარემოს. ნისლი გაცრიცა და გაქრა. სამაგიეროდ მთის იქედან ამოწვერილმა მზემ ამოავსო, შეავსო და გაათბო ბახმარო.


რამდენიმე საათში სხვებმაც წაართვეს თავი ძილს და ბახმაროც ოდნავ გამოცოცხლდა. დილით ტყეშიხეტიალი - კი, საკმაოდ სასიამოვნო და საამო პროცესია. მითუმეტეს როცა ირგვლივ ასეთი სიმწვანე და ფიჭვის ყვავილობაა.


საგულდაგულოდ, მომდევნო წლამდე ჩარაზული სახლებიც კი საინტერესოდ გამოიყურებიან მთვლემარე მდგომარეობაში. ერთი პატარა, ტყის პირას გაშენებული ქალაქია. აი ისეთი. ნახატ მულტფილმებში რომ ვნახულობდით ხოლმე.


ხოდა რაკი პატარა ქალაქია. ყავაც შესაფერისი უნდა. ჩვენს მასპინძელს აი ეს, "სერვიზი"ვუპოვეთ და ნება-ნება შევექეცით ყავის სმას.


მაგრამ იყო რაღაც, რაც ყავის სიტკბოებასაც კი სევდის გემოს აძლევდა და მას "ცოტა დრო"ქვიოდა. ხო, სამწუხაროდ აქ დიდი ხნით გაჩერების ფუფუნება არ გვქონდა და ეს ყოველ მომდევნო საათთან ერთად გვახსენებდა და გვიმძიმებდა იქ ყოფნის წუთებს. 


ფაქტია, აქ თუ ამოდიხარ მინიმუმ ერთი კვირით უნდა მოსწყდე ყველაფერს და ამ სიმწვანეში გაითქვიფო. ჩვენ კი წუწუნით, ზლაზვნითა და ფეხის თრევით ჩვენი ბარგის ჩალაგება დავიწყეთ.


ძნელი იყო. მაგრამ სხვა გზა არ არსებობდა გარდა უკან, ბარში მომავალის. სახლი შევამოწმეთ, ბარგი და ადამიანები გადავთვალეთ, ავტომობილში ჩავლაგდით და ჩვენც მალე ამ გზას დავადექით. 


გზა კი, როგორც უკვე გითხარით, იდიალურია. დრო რომ იყოს დიდის სიამოვნებით ივლიდა ადამიანი ამ გზაზე კვირაში ერთხელ მაინც. მითუმეტეს რომ ბათუმიდან ბახმარომდე სულ რაღაც 2 საათზე მეტია საჭირო. 


ნელი სვლით ბარისკენ. გზად გაწოლილი ძროხების და ზოგჯერ ნისლებს მიღმა. ნელინელ მოტიტვლებული ფერდობები წიწვოვანი, შემდეგ კი ფოთლოვანი ტყით იფარება და შენც გრძნობ თუ როგორ ეშვები.




კი, საჭირო, დროული და აუცილებელი იყო ჩვენი აქ სტუმრობა. უბრალოდ ვერც კი აღგიღწერთ იმ ემოციურ მუხტს, რითაც აქაუორობას თქვენი სულ ცოტა ხანის განმავლობაში დამუხტვა შეუძლია. რამდენიმე დღეც კი საკმარისია საიმისოდ რომ თქვენი ბარში დაგროვილი ნეგატივი, ჭმუნვა და ხავსი ბახმაროს ნისლივით გაიცრიცოს და გაქრეს. 

ბახმაროს არაჩვეულებრივად დიდი პოტენციალი აქვს გახდეს არა მხოლოდ გურიის, ან დასავლეთ საქართველოს საუკეთესო მთის კურორტი. არამედ მას შესწევს წალა თანასწორი კონკურენცია გაუწიოს თქვენთვის უკვე კარგად ცნობილ სხვა მთის კურორტებს. ამას იმასაც თუ დავუმატებთ რომ აქ დასვენება ზამთარშიაც შესაძლებელია... დიახ. ზამთარშიც. მაშინ არაჩვეულებრივად კარგ, უნიკალურ ნაზავს მივიღებთ. ბახმარო არსებობს და მას უფრო მეტი ყურადღება სჭირდება.

თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩვენი ავტომობილი ნელინელ ეშვება ნისლებს მიღმა, ბარში. ფიქრი და აზრი კი ისევ იქ დაქრის. სადაც სუფთა ჰაერია და ფიჭვის ყვავილობას უჩვეულოდ საამო სურნელი დგება.  ბოლოს კი აი იმ ფრაზით დავასრულებ, რაც ბავშვობიდან მესმოდა უფროსებისგან:

"ამო ბიჭო გამხმარო, მოგიხდება ბახმარო"


CRITIСAL MASS BATUMI თამილა მახარაძის მხარდასაჭერად

$
0
0

არც თუ ისე ხშირად ვხდებით ადამიანებს, რომლებიც საკუთარი მხნეობით, სიცოცხლის სიყვარულით და უშრეტი ოპტიმიზმით ისედაგმუხტავენრომ შემდეგ შეგეძლება სთქვა - შეუძლებელი არაფერია, მთავარია გწამდეს და არ დანებდე.

დღეს ველო მოყვარულებს მორიგი შეკრება გქვონდა. როგორც იცით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს ქალაქის ქუჩებში დიდი, ხალხმრავალი ველო მსვლელობით ველოსპორტს და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას ვეწევით. თუმცა ეს მსვლელობა მაინც განსხვავებული იყო. ჩვენს გვერდით არა მხოლოდ კიდევ ერთი ველო მოყვარული, არამედ ნამდვილი გმირი იდგა.

იცნობდეთ თქვენც - თამილა მახარაძე. ადამიანი, ბრძოლა და სიცოცხლე სულ სხვა აზრის მატარებელი სიტყვებია. ველო მსვლელობამდეფონდ დიაკონიასწარმომადგენელმა დამირეკა და მითხრა, რომ არსებობდა ადამიანი, რომელსაც ძალიან უყვარს ველოსიპედი და ამასთანავე სჭირდება ჩვენი გვერდით დგომა.

თამილამ რთული ავადმყოფობის გამო მარჯვენა ხელი დაკარგა. მაგრამ არ დაუკარგავს იმედი და სიცოცხლის ჟინი. ველო მსვლელობაზე ის თავად ველოზეამხედრებული მოვიდა და მინდა გითხრათ, გაცილებით უკეთესად მართავდა მას ვიდრე ზოგიერთი იქ მყოფთაგანი.

ველოსიპედი ძალიან ჰყვარებია. ქალაქში გადასაადგილებლად იდეალურ საშუალებად მიაჩნია და სახლიდან სასწავლებელშიც სწორედ ველოსიპედით დადის.

"არ მეგონა ასეთი აქციები თუ ტარდებოდა ბათუმში. ძალიან გამიხარდა. ველოსიპედი პირველი რამაა რაც ოპერაციის შემდეგ ამოვიჩემე. მიყვარს და გარკვეულ წილად ვისვენებ კიდეც როცა ველოთივსეირნობ. ეს ველოსიპედი ერთმა ბიჭმა მაჩუქა. თავად აქირავებდა ველოებსდა როცა რამდენჯერმე მივედი საქირავებლად - მაჩუქა. ძალიან კარგი ადამიანია. ყველგან ამით დავდივარ. მახალისებს. ისე კი მინდა სამომავლოდ ავტომობილის მართვაც ვისწავლო. ჯერ მართალია შეხება არ მქონია საჭესთან, მაგრამ მჯერა რომ გამომივა. თან საგზაო ნიშნებს და მართვის წესებს თეორიულად უკვე ვსწავლობ" - მითხრა თამილამ

და შეძლებს კიდეც. ამ პატარა გოგონას შემხედვარე გჯერა რომ არამც თუ ავტომობილის მართვას, არამედ გაცილებით მეტს, გაცილებით დიდ მიზნებსაცმიაღწევს. თუმცა მანამ ისევ გერმანია ელოდება. ისევ საავადმყოფო და მკურნალობის პროცედურები. ექიმებს იმედი აქვთ რომ ავადმყოფობას დაამარცხებენ.



ჩვენი დღევანდელი მსვლელობის აზრიც სწორედ ეს იყო. თუ მოვინდომებთ ყველაფერი შესაძლებელია. ამ სასიკეთო საქმეში თქვენაც შეგიძლიათ შეიტანოთ თქვენი წვლილი.
არსებობს სპეციალური ნომერი, რომელზეც ყველა ქსელიდან შესაძლებელია დარეკვა. არ დაიზაროთ. გახსოვდეთ ერთი ზარი + ერთი შანსია. შანსი კი დიდია.

0901 701070

მე დღეს მეტს აღარაფერს დავწერ ჩვენს ველო მსვლელობაზე. აი ეს მინდოდა მომეყოლა თქვენთვის. მომეთხრო და მეთქვა. იცნობდეთ ამ ადამიანს. ის ჩვენს გვერდითაა და მას ჩვენი თანადგომა სჭირდება.




შემო ოდაში

$
0
0

სისხამ დილით, მზის ამოსვლამდე გადენი ჩამოწოლილ ნისლებს მთებში ნამის ასაკრეფად. ცვრით დამძიმებულ, მსუყე ბალახის ხალიჩაზე გავლისას იგრძნობ დილის მაგრილებელ სისველეს. ცოტა ხნით გაინაბები, ეზოში ამოსული თუთის ხესავით შენც შეიწოვ შენს წილ დილის ნეკტარს და ძილბურანიდან ახლად გამორკვეულ მზერას მოავლებ არემარეს. კაია აქანე, კი. 



ირგვლივ შემოდგომის სიყვითლე შეპარული სიმწვანე და სურნელია. აი ის სურნელი, შენს ბავშვობაში რომ გაბრუნებს. მოგონებებთან ერთად სადღაც შენში, ღრმად შემონახული ანცობის მუგუზალს რომ აღვივებს და სურვილს, ქედს მიღმა ჩამალულ, მიყუჩებულ სანახებს გადასწვდე მზერით. ბილიკებს აუყვ-ჩამოუყვე, სერები აიარო, სირბილით დაეშვა, ღრმად, ღრმად ისუნთქო და იგრძნო ის რასაც თავისუფლება ქვია.


აქ ჰაერი წმინდა და სუფთაა, აქ შენი ფილტვები გიმოწმებენ ამას ყოველ ჯერზე. აქ მთები სილურჯეში გარდამავალი მწვანით კეკლუცობენ, აქ შენი თვალები ყოველ ჯერზე გიმოწმებენ ამას. აქ ყოველ დაღმართს გაცილებით წარმტაცი აღმართი მოყვება და ეს კარგია.


ავტომობილების, ქალაქის მტვრიანი გრუხუნიდან შორს ყოფნა ისევე გსიამოვნებს როგორც მწვანეში შემალული ჩიტების საამო გადაძახილი. ახ ალაგ ალაგ ისმის საძოვარზე გასული საქონლის ბღავილი, დარაჯად დამდგარი ცუგას ყაფყაფი, ონავარი ბავშვების გადამდები სიცილი და შორიახლოს მყოფი უფროსების ისარივით ნასროლი ბასრი, გურული კითხვა პასუხი


ხო, შემოდგომაა და ამიტომ ამ ყველაფერს კიდევ ერწყმის ერთი, გამორჩეული ხმა - ცელის ალიპლიპებული პირის სალესი ქვით ლესვის ხმა. ვინც ოდესმე ყოფილა სათიბში ეს ხმა არასდროს არ აერევა სხვა ხმაში.  ფოლადის გაბმული, სავსავა ხმა რომელიც ყრუ ცკრიალით სრულდება. ცელს ლესავენ და მალე მიუშვებენ მსუყე ბალახზე.



ყოველ მოსმაზე გვერდზე წვება მაღალი ბალახი. გაშლიან, მზეს მიუფიცხებენ და კარგად რომ გამოშრება საგანგებო სარზე აუგებენ ზვინს. ააკოწიწებენ, აღმართავენ და მოზვინავენ. 


 კოხტად მოთიბულ მინდორზე ჯერ ერთი ზვინი აღიმართება, შემდეგ მესამე და ამ პროცესში გართულთებს უკვე დღეც ნელინელ ეპარებათ ხელიდან.


ნაბადში გახვეული ფირალებივით აზიდულნი რჩებიან ფერდობებზე ნისლების მოდარაჯე თივის ზვინები. 


რამდენჯერ გამხდარან ბავშვური სიცელქის, წარმოუდგენლად ლამაზი ფანტაზიის. ან სულაც სიყრმის კაეშნის პირველი ბადაგის მოწმენი. რამდენი საიდუმლო შეუნახავთ...


თივა დაბინავდა, დღეც მიიწურა. მთები კიდევ უფრო გალურჯდნენ. ქედს ჩამოყოლილმა ნიავმა ჩამოიტანა სიგრილე. შინისკენ წასვლის დროა. უჩვეულოა გაკრეჭილ ბალახზე სვლა. გარემო ახლად მოთიბული ბალახის სურნელითაა სავსე. საამოა ეს ყველაფერი, კარგია აქ.


დილით მთებში გარეკილი ნისლის ქულები ეშვებიან ნამით დამძიმებულები ფერდობებზე. საღამო ახლოვდება. შინ შესვლის დროა, ცეცხლზე გამომცხვარი ჭადის, ჭყინტი ყველის, ამოლესილი ლობიოს, წითელი ღვინის და გრძელი, მხიარული ამბების დრო. შემდეგ კი ისეთი ტკბილი სიზმრები, როგორიც მხოლოდ ბავშვობაში გამახსოვრდებოდა. იმიტომ რომ კარგია აქ.


ფერდობებზე ნისლი ეშვება. დაღამდა აწე. შემო ოდაში 

10 ანიმე რომელიც უნდა ნახო

$
0
0

ხშირად უკვირთ, როცა ვამბობ რომ დღესაც სიამოვნებით ვუყურებ ანიმაციას. "კიდე მულტფილმებს უყურებ?!"მზერით რომ გადმოგხედავენ ხოლმე. მათი გაკვირვება კი თავის მხრივ მე მაკვირვებს. ეტყობა არ იციან რას უყურონ და რატომ. მითუმეტეს მაშინ, როცა საქმე ანიმეს ეხება.
გადავწყვიტე ჩამომეთვალა, შემერჩია ის რამდენიმე ანიმე, რომელიც მეტ-ნაკლებად დაეხმარება ყველა მსურველს ამ სამყაროსკენ მიმავალი ფერადი ბილიკის პოვნაში. მაშ ასე დავიწყოთ.

ბატონებო და ქალბატონებო ( ვინც თვლით რომ ანიმაცია მხოლოდ პატარებისთვისაა) თქვენს წინაშეა მისი უდიდებულესობა ანიმე



პირველი ფილმი, რომელიც უნდა ნახოთ (თუ აქამდე არ გაქვთ ნანახი ) ეს ლეგენდარული ოსტატის ჰაიამო მიაძაკის ქმნილებაა. "მოჩვენებებით გატაცებული" 2001 წელს შეიქმნა. ორიგინალში მისი სახელწოდება "Sen to Chihiro no kamikakushi"გახლავთ. თუმცა ჩვენ მისი ინგლისური თარგმანი უფრო ხშირად გვესმის. მართალია ეს დიდი ჯადოქრის, მიაძაკის პირველი ფილმი არ არის. მაგრამ ამ ხნის მანძილზე ამ მომხიბვლელმა და საინტერესო ანიმემ ძალიან ბევრ ადამიანს შეაყვარა ეს სამყარო. დისნეის მანერით მოთხრობილი იაპონური ამბავი ნამდვილად ღირს იმად რომ ის ნახოთ. თუ გნებავთ მეათასედაც

კოკურიკოს ფერდობებიდან



ისევ სტუდია "გიბლი"და ლეგენდარული ჰაიამო მიაძაკი. ოღონდ ამ ჯერად ამ ფილმის რეჟისორი მისი ვაჟი გახლავთ. ეს არის იაპონიაში საკმაოდ ცნობილი მანგას (კომიქსების) ძალიან ლამაზი და სევდიანი სიტორიის წარმატებული ეკრანიზაცია. გიბლის სტუდიის ფერებით მოტხრობილი ომგამოვლილი ოჯახის სევდიანი ამბების ცქერა გულგრილად ნამდვილად არ შეიძლება. 

მივიწყებულ ხმათა დამჭერნი



ასუნა - ასე ჰქვია მთავარ გმირს. გოგონას რომელიც მამის დაღუპვის შემდეგ საკმაოდ დიდ დროს მარტო ხეტიალში ატარებს. მალე გაიგებს რომ მისი ერთად-ერთი მეგობარი გარდაიცვალა. დაღონებული ასუნა გადაწყვეტს  სულების სამყაროში ეძებოს ის. ასე იწყება კიდევ ერთი საინტერესო მოგზაურობა. 


მოჩვენება აბჯარში



მამორუ ოსის ეს ძალიან საინტერესო სრულმეტრაჟიანი ტრილოგიაც თავის დროზე მანგა იყო. პირველი ფილმი 1995 წელს გამოვიდა. ჟანრი, სიუჟეტი, დინამიკა, შინაარსი და გზავნილები ძალიან ახლოს დგანან ვაჩოვსკის "მატრიცასთან"თუმცა ეს სულ სხვა მხარეა. იაპონური მანგა, მათეული ხედვა არც თუ ისე შორეული მომავლის რომელიც ჩვენ გველის. იპლანტები, რობოტები, კიბორგები და ადამიანის გაციფრულებული ცნობიერება. კი. ეს ფილმებიც უნდა ნახოთ. ნამდვილად არ დარჩებით გულგრილნი.

გოგონა რომელმაც დაიმორჩილა დრო


გოგონას, რომელმაც არ იცის რა უნდა აკეთოს და რითი იქნება დაკავებული მომავალში, ყოველი დღე ერთფეროვანი ჰგონია. გაკვეთილები, სკოლა, სახლი. თუმცა ბაქანზე მომხდარი გაურკვეველი მოვლენის შემდეგ აღმოაჩენს რომ მას შეუძლია დროის მართვა. დროში გადაადგილება. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება წარმოუდგენლად იცვლება. შეძენილი ნიჭის წყალობით ის დროში მოგზაურობს და მისივე ცხოვრებას თავადვე ალაგებს .

ტყე, სადაც ციმციმებენ ციცინათელები


სევდიანი და თბილი ისტორია ტყეში დაკარგული პატარა გოგონას შესახებ, რომელსაც ტყის სული გადაარჩენს. დიახ. ისევ იაპონური მანგა და მისი მშვენიერი ეკრანიზაცია. რატომღაც მგონია რომ ეს ფილმი ძირითადად მაინც გოგონებს მოეწონებათ

5 სანტიმეტრი წამში


ასეთი სისწრაფით ცვივიან საკურას ფოთლები მიწაზე. კიდევ ერთი, ძალიან სევდიანი ისტორია. ოღონდ ამჯერად პირველ სიყვარულზე. საოცრად ლამაზი კადრებით და ამბის თხრობის გამორჩეული მანერით. კი, ეს ფილმი ნამდვილად უნდა ნახოთ. ოღონდ აი იმ საღამოს, როცა გადაწყვეტთ რომ სხვა არაფერი არ უნდა აკეთოთ. 

რკინაბეტონი


თუ დიდად არ გხიბლავთ სევდიანი ისტორიები - დავბრუნდეთ რეალობაში. რკინაბეტონი. ეს ის ფილმია რომელიც ნამდვილად მოეწონებათ მკაცრი რეალიზმის მოყვარულთ. მითუმეტეს რომ აქ ვერ ნახავთ მანგასთვის დამახასიათებელ ხატვის სტილს. ეს სულ სხვა მანერაა, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. სულ სხვა რეალობა და სულ სხვა, ნაკლებად რომანტიული ისტორია.

პაპრიკა


ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ანიმეა. ნამდვილი სიგიჟე. პროფესორი აცუკო ფსიქიური აშლილობისგან განკურნების ახალ მეთოდზე მუშაობს, რაც პაციენტის ქვეცნობიერში სიზმრების საშუალებით შეღწევით ხორციელდება. ამას კი მისი ალტერეგოს - ჟღალთმიანი გოგონას, პაპრიკას საშუალებით აკეთებს. ექსპერიმენტის მსვლელობისას კი იწყება ქაოსი... ნამდვილი ფსიქოდელია. ეს ფილმიც აუცილებლად უნდა ნახოთ. განსაკუთრებით იმ ადამიანებმა, ვისაც უყვარს დილაობით სიზმრების ქექვა

ჩემი მეზობელი ტოტორო


და რაღა თქმა უნდა ტოტორო. ანიმე, რომელიც ჩამოთვლილთაგან ყველაზე ძველია. მაგრამ არ მეგულება ადამიანი, ვისაც ეს პერსონაჯი სადმე მაინც არ შეხვედრია. ის გახდა სტუდია გიბლის სახე. პატარა გოგონების (განსაკუთრებით ის პატარა, ცქნაფა) და ტყის სულის საოცრად თბილი ისტორია ნებისმიერი ასაკის ადამიანს მოპარავს იმ დროს, რა დროც ფილმის ბოლომდე ნახვისთვისაა საჭირო. 

აი ის ჩამონათვალი, რომელიც ჩემის აზრით გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით ანიმეს სამყაროს შესახებ. შესაძლოა არ მოგეწონოთ. შესაძლოა ეს არ იყოს სათქვენო. მაგრამ თუ მოგეწონათ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ანიმეს საოცარ სამყაროში

სხვათაშორის ბევრი იკითხავს - რატომ არ მოხდა ჩამონათვალში ჰაიამო მიაძაკის ფილმი "მოსიარულე კოშკი"ან "ციცინათელების სასაფლაო"-ო. სამართლიანი შეკითხვაა. თუმცა ეს ჰაიამოს იმდენად კარგი და საოცარი ფილმები აქვს შექმნილი რომ მათზე ცალკე საობარიც ღირს. რაც მოვახერხეკიდეც ადრე, აი აქ

ეს კი ისე იყოს. ანიმეს სამყაროს კარების შესაღებად. ხოდა, შეარჩიეღ ფილმი, მოკალათდით, მოეწყვეთ და გემრიელად უყურეთ. საინტერესო საღამოს გისურვებთ 

მთვარის კლუბის მეგობრები. სიახლე ბლოგზე

$
0
0

გულთბილი სალამი მკითხველს. მაქვს პატივი ერთი (ჩემი აზრით) საკმაოდ საინტერესო სიახლე გაუწყოთ. წლების მანძილზე ბლოგზე განთავსებული პოსტების მეშვეობით თქვენ საშუალება გქონდათ თვალი გედევნებინათ ჩემი (ისევ და ისევ ჩემი აზრით) საინტერესო ან ნაკლებად საინტერესო მოვლენებისთვის. წაგეკითხათ, გენახათ ან მოგესმინათ სხვადასხვა წლებში თუ ლოკაციებში მომხდარი ამბების შესახებ მომზადებული მასალა. არა, თხრობაც და მოგზაურობებიც რაღათქმაუდნა გაგრძელდება. უბრალოდ ერთი სიახლეა.
ამიერიდან "მთვარის კლუბი"არა მხოლოდ ჩემს მიერ მოთხრობილ საინტერესო ამბებს, ფოტოებსა და ვიდეო პოსტებს შემოგთავაზებთ. არამედ ჩემი მეგობრების მიერ მოთხრობილ ამბებს, თავგადასავლებს, ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალასაც. წინ ძალიან საინტერესო პიროვნებებთან ნაცნობობა გელით. დიახ, მე არ ვარ ძუნწი და ჩემი მეგობრები თავიანთი ამბებითურთ თქვენთვისაც მემეტება.

მათი "გამაერთიანებელი"თავგადასავლების, მოგზაურობის სიყვარული და ახალი აღმოჩენებისკენ სწრაფვა გახლავთ. სწორდ ამ ნიშნით შერჩეულ ადამიენებს უმასპინძლებს მთვარის კლუბი რაღა თქმა უნდა გარკვეული პერიოდულობით.

ეს ყველაფერი კი გაერთიანდება ერთ კატეგორიაში, რომელსაც "მთვარის კლუბის მეგობრები"დავარქვი. სწორედ ამ კატეგორიის ქვეშ იხილავთ მათ შესახებ და მათ მიერ მოთხრობილ ისტორიებს. 

ასე რომ, დაგველიდეთ. 


გიორგი ნადირაშვილი George Nadirashvili

$
0
0

ამ რუბრიკის დაწყება ჩემს ირგვლივ შემოკრებილი საინტერესო ადამიანების რიცხვის მატებამ გამოიწვია. ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად ვიცნობ. ზოგიერთი კი ახლახან გავიცანი და მინდა ძველიც და ახალი ნაცნობები თქვენც გაგაცნოთ. სხვადასხვა ასაკის და სპეციალობის ადამიანები ამ რუბრიკაში მხოლოდ მოგზაურობის და თავგადასავლების ძიების დაუოკებელი სურვილის გამო გავაერთიანე. აქ ისინი საკუთარ ისტორიებს მოგვითხრობენ, შთაბეჭდილებებს, მიზნებს. გაიცანით თქვენც ეს საინტერესო ადამიანები და ვინ იცის? იქნებ თქვენც გადაგედოთ მათი ჟინი და სწრაფვა მოგზაურობებისკენ.

ამ რუბრიკის პირველი სტუმარი კი ჩემი ახალი მეგობარი - გიორგი ნადირაშვილი გახლავთ.

გიორგი თბილისიდან ბათუმში რამდენიმე წელია რაც გადმოვიდა. აქ მუშაობს. ერთმანეთი ერთ-ერთი ველომსვლელობისას გავიცანით. შემდეგ ცუკერბერგის წყალობით დავმეგობრდით და სწორედ იქ აღმოვაჩინე მისი, ჩემთვის უჩვეულო გატაცება. ბაგირზე სიარული. მართალია ეს ინტერნეტშიც მინახავს და ფილმებშიც, მაგრამ იმ ადამიანის გაცნობა ვინც თავად აკეთებს ამას, მგონი თქვენთვისაც საინტერესო იქნება.


როგორც თავად ამბობს Slacklining-ით პირველად მაშინ დაინტერესდა, როცა მისმა მეგობარმა სპეციალური ბაგირი შეიძინა. მართალია მანამდე ნანახი ქონდა ინტერნეტშიც და ფილმებშიც, მაგრამ რეალურ სივრცეში გამოცდილებამ ისე მოხიბლა რომ ძალიან მალე "მოიწამლა"კიდეც. ნელინელ "ფეხიც გამართა"თავდაჯერებულიც გახდა და ქომაგებთან ერთად მიმდევრებიც გაიჩინა


თურმე ნუ იტყვით, ამ საოცარ რამეს მისი სახეობებიც ქონია. არადა მე მხოლოდ ბაგირზე სიარული ერქვა მეგონა. სიმაღლის, სიგრძის და ბაგირის დაჭიმოლობის ხარისხის მიხედვით ხარისხდებიან

Trickline/Lowline - ყველაზე ფართოდ გავრცელებული სახეობაა, როცა ბაგირს არც ისე მაღალ საყრდენზე ჭიმავენ. იდეაულირია სავარჯიშოდ. ამ შემთხვევაში დაზღვევაც არ არის საჭირო.
Waterline - წყლის ზედაპირზე გაჭიმულ ბაგირზე სვლა. განსაკუთრებით ზაფხულობითაა პოპულარული. თუ შეგეშლება რაიმე, წყალს მაინც არ აცდები.
Highlinе - თუ სიმაღლის შიში გაქვთ, მაშინ დაივიწყეთ. ამ შემთხვევაში მთავარი სიმაღლეა. რაც უფრო მაღლაა ბაგირი, მით უფრო კარგია. თუმცა ამ შემთხვევაში დაზღვევა აუცილებელია
Rodeoline - ამ შემთხვევაში კი ბაგირი ოდნავ მოშვებულია. ჩაზნექვის სიღრმე შესაძლოა ადამიანის სიმაღლის ტოლი იყოს.
აი ასეთი მოკლე სპეც კურსის შემდეგ ჩემთვის ექსტრიმის ეს სახეობა უბრალოდ ბაგირზე სიარულის ნაცვლად უფრო რთულ და საინტერესო თემად იქცა


როგორც გიორგიმ მითხრა, საქართველოში უკვე საკმაოდ პოპულარულია Slacklining-ი ,ბაგირზე სვლა და მალე ფედერაციაც, რომელიც ჯერ მხოლოდ ჩანასახის სტადიაშია, სრული ძალით ამუშავდება და ამ სპორტით დაინტერესებულ ადამიანებსა და ქომაგებს შანსი ექნებათ უფრო ახლოს და სრული სიმძაფრით იგრძნონ ეს ექსტრიმი.


"ყველაფერი რათქმაუნდა ფინანსებდთანაა დაკავშირებული. ბაგირიც, რომელზეც დავდივართ ჩვენ შევიძიეთ. ფედერაციის ჩამოყალიბებასთან ერთად იმედია ამ საქმესაც ეშველება. იყო შემთხვევები, როცა სავარჯიშოდ სადმე ვჭიმავდით ბაგირს, მოდიოდნენ და გვეკითხებოდნენ - ვინ ხართ, რას შვებით, რატომ ?! ახლა უკვე ვეუბნებით რომ ფედერაცია ვართ და სავარჯიშოდ ვაკეთებთ ამას. უკვე ნაკლები კითხვებიც ჩდება.


სიმაღლის შიში არის.  ბევრი იკვეხნის რომ არ ეშინია და შეძლებს. მაგრამ მერწმუნე, როცა ბაგირზე დგეხარ და ქვემოდ იყურები... ხო... მახსოვს პირველად როგორ ჩავაფრინდი ბაგირს. კი, შიში არის, მაგრამ ეს დაძლევადია. პრინციპში არიან ისინიც, ვისაც აივნიდან გადმოხედვისაც კი ეშინია. მაგრამ თუ სურვილია და ძალისხმევასაც არ დაიშურებს. აუცილებლად გამოუვა. თან როცა ერთხელ ჩავარდები და დაზღვევა დაგიჭერს, შემდეგ მეორეჯერაც ჩავარდები ნდობის მომენტი მაღლდება და უკვე ისე აღარ გეშინია. სიარული ხო ძალიან მაგარია, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ მაშინ გრძნობ თუ როგორ გეშვება მთელი დაძაბულობა და როგორ მოდის ემოციები"- ამბობს გიორგი


გიორგის სიტყვების შემხედვარე მეც ძალიან იოლი მგონია ეს ყველაფერი. განსაკუთრებით როცა ამას გიყვებიან ან ფოტოებს ათვალიერებ. მაგრამ როცა წარმოვიდგენ საკუთარ თავს აი ამ თხელ ბაგირზე, დაახლოებით ათი მეტრის სიმაღლეზე და ქვემოთ უკეთეს შემთხვევაში გაკრიალებულ ასფალტს... ჩემი ენთუზიაზმი იქვე ქრება.

თუმცა დავუბრუნდეთ გიორგის. ის პროფესიით ინჟინერია. თავისი საქმე უყვარს, მაგრამ თუ თავისუფალი დრო გამოუჩნდება გული მოგზაურობისკენ უწევს. თუმცა მოგზაურობაცაა და მოგზაურობაც. სასტუმროს კომფორტულ ნომერსა და აუზებს ბუნებაში, კოცონთან გაშლილ კარავში გატარებული დრო ურჩევნია. 

"თბილისში ხშირად გავდიოდით ქალაქ გარედ. გვიყვარს მოგზაურობა და შანს არ ვუშვებდით ხელიდან. რაც ბათუმში გადმოვედი ცოტათი შემცირდა ჩემი გასვლები. თავიდან ისიც კი მეგონა რომ აქ არავის არ იტაცებდა მოგზაურობა და თავგადასავლები. მაგრამ ნელინელ შევიძინე მეგობრები, აქაც ვიპოვე თანამოაზრენი და ყველაფერი ისევ თავის ტემპს დაუბრუნდა. აქ იმდენი საინტერესო ლოკაცია და ადგილია სადაც თავისუფლად შეგიძლია დაისვენო. გახვიდე შაბათ კვირას ქალაქიდან და ბუნებაში დაიმუხტო იმ ენერგიით რომელიც შემდეგ მთელი კვირა გეყოფა. ძალიან მინდა თურქეთში წასვლა. იქ, ყოველ წელს Slacklining-ის საერთაშორისო ფესტივალი ეწყობა. ძალიან ბევრი სტუმარი ყავს და საინტერესოა ჩემთვის ეს ყველაფერი. თუმცა მინდა გითხრათ რომ საქართველოს ამ მხრივ გაცილებით მეტი შეუძლია გააკეთოს. აქ გაცილებით უკეთესი ადგილები გვაქვს საამისოდ. მაგრამ ჯერჯერობით ისე კარგად ვერ ვიყენებთ როგორც თურქები თავიანთ ტერიტორიას.


ბათუმი ძალიან მომწონს. სწორი დაგეგმარების და გათვლის შემთხვევაში თბილისთან შედარებით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საიმისოდ რომ აქ ველოტურიზმი განვითარდეს. იდეალური გარემოა. თან ყველაფერი აქვეა, ახლო და ხელმისაწვდომი. მშვენიერია ის რასაც Critical Mass Batumi აკეთებს. მე ვიცი რომ ეს უბრალოდ მეგობრების მიერ ორგანიზირებული შეკრებაა, რაც თავისტავად ძალიან კარგია მაგრამ ცოტა უფრო მეტი ყურადღება თუ მიექცევა ამ ყველაფერს "ზემოდან"და ცოტა ფინანსებითაც დაეხმარებიან დარწმუნებული ვარ გაცილებით საინტერესო რაღაცეების მოფიქრება შეიძლება. ისე კი არც ერთი მსვლელობა არ გამომიტოვებია და ძალიანაც მიხარია მაში მონაწილეობა. "


ჩემი იდიალური სამსახური ასე წარმომიდგენია - ნახევარი წელი რომ ვმუშაობდე და ნახევარი ვმოგზაურობდე. ან ისე მოხერხდეს მოგზაურობისას რომ ვმუშაობდე. მოკლედ ერთი მეორეს გარეშე მაინც არ გამოვა. აქ კი ვცდილობ მაქსიმალურად გამოვიყენო დრო და გადავანაწილო ისე რომ სამსახურსაც არ მოაკლდეს და დასვენებაც შევირგო. სხვანაირად არც შეიძლება. მითუმეტეს როცა ასეთი საინტერესო გარემოა ირგვლივ. მთები, ველები, მინდვრები. უნდა ვიმოგზაუროთ. აბა სხვანაირად როგორ?!" 


ასეთი გახდათ ბლოგის ახალი რუბრიკის "მთვარის კლუბის მეგობრები"ს პირველი სტუმარი. დამეთანხმებით საინრტერესო პიროვნებაა. მალე იმედია მის საყვარელ Slacklining-საც უფრო მეტი მიმდევარი გამოუჩნდება. თქვენთვისაც მგონი სიახლე იყო ეს ყველაფერი. ხოდა ამიერიდან იცნობდეთ გიორგის ;)

მე კი მომდევნო სტუმართან ერთად განვაახლებ ამ რუბრიკას და მალევე დაგიბრუნდებით. მანამდე კი იმოგზაურეთ მეტი, დიდხანს და შორს. 

Racha on my mind

$
0
0

უნდა ვაღიარო რომ რაჭა ამ დღემდე ჩემთვის უცხო მხარედ ითვლებოდა. მიუხედავად იმისა რომ ყოველთვის მსურდა მისი მონახულება, მიზეზ-მიზეზ ამ დრომდე ეგ სურვილი აუსრულებელ ოცნებად რჩებოდა. თუმცა, თუ მოინდომებ და რაღაცეებს გვერდით გადადებ, ყველა (თითქმის) ოცნება შეიძლება ახდეს. ხოდა ასეც მოხდა. შემოდგომის ერთ მშვენიერ მზიან დღეს მეგობრებით დახუნძლული მინივენით რაჭისკენ გავემგზავრეთ.



არ ვიქნები ორიგინალური და კიდევ ათასგზის განვმეორდები. უნდა იმოგზაუროთ რაც შეიძლება მეტი და რაც შეიძლება შორს. მით უმეტეს შენს მშობლიურ ქვეყანაში. სადაც ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორე კუთხეში ერთი დღის სავალი მანძილიც არ არის. და მით უმეტეს მაშინ როცა ირგვლივ ასეთი სილამაზეა და გზებიც მეტ წილად ამ ბოლო 9 წლის მანძილზე მოწესრიგდა. 

ჩვენი მოგზაურობის ბოლო პუნქტი ონი იყო. ონამდე კი შემოდგომის რაჭის უმშვენიერესი ხედები. რა გითხრათ?! თუ გინდათ იგრძნოთ შემოდგომა მინიმუმ უნდა გასცდეთ ქალაქის ბეტონის ჯუნგლებს. მოშორდეთ მაქაურობას და წახვიდეთ შორს. მინიმუმ რაჭაში. აი მაშინ იგრძნობთ რას ნიშნავს შემოდგომის ფერთა სიჭრელე.


შემოდგომით გაფერადებული ფოთლოვანი და წიწვოვანი ტყის საფარის ეს მომნუსხველი სურათი საკუთარი თვალით უნდა ნახოთ. არ შეუძლია კამერას ამ ყველაფრის იდეალური სიზუსტით გადმოცემა. 

შაორი

შემოდგომის სიყვითლეში ჩაკარგული გზის გარდა აქ კიდევ ერთი, ძალიან საინტერესო სანახაობა გელით. საქართველოში აწ უკვე პოპულარული Tumblr- ის მეშვეობით ბევრი ჩემი მეგობარი პოულობს და აზიარებს ფოტოებს, სადაც წიწვოვანი ტყე, ულამაზესი ტბები და ნავებია აღბეჭდილი. კი, მეც ძალიან მომწონს ასეთი ხედები და ბევრჯერ დამიდია კიდეც ბლოგის FBგვერდზე. ბევრჯერაც მითქვამს "ნეტავ ამ ნაპირთან დამსვა"თქო. ხოდა აი ესეც. "შაორის წყალსაცავი"რაჭაში.


მუქ მწვალე-მოლურჯო წყლის ზედაპირზე არეკლილი შემოდგომის ჭრელი ტყე და უძირო ცა. პირდაპირ გეტყვით. ამ სილამაზის დანახვისას ფოტოაპარატს ისე აქტიურად ვაჩხაკუნებდი რომ ელემენტი ლამის დავცალე კიდეც. 


აბა მითხარით - რით ჩამოუვარდება ეს ყველაფერი სოც ქსელებში გაზიარებული უცხო ნაპირების ხედებს ?!  მაქსიმუმ რაც აქაურობას აკლია წყლის პირას მდგარი მცირე ზომის კოტეჯები და ნავები, კანვოებია.




 ისიც უნდა ვაღიარო რომ ნამდვილად არ ველოდი ასეთ სილამაზეს. კი, ვიცოდი რომ რაჭა ძალიან ლამაზია. მაგრამ აქ ყველაფერი იყო. ყველაფერი ის რისთვისაც აქ ამოვედი. შემოდგომა, ტყე, ტბა და ულამაზესი ხედები.



ეს ის ადგილია, სადაც უნდა ამოხვიდე რამდენიმე დღით, გაშალო კარავი, აანთო კოცონი (არ ვიცი თუა ნებადართული) ამოიყვანო შენი ჭკუის ადამიანები და დაივიწყოთ დრო. თუმცა ეს ისედაც ხდება, როცა აქ ხარ.



როცა ტბის ცქერით ვიჯერე გული და ჩავთვალე რომ საჭირო რაოდენობის ფოტო მასალა უკვე დაგროვებული მქონდა, ტყე გამახსენდა. მართალია უკვე მეძახდნენ, გზა გვაქვს გასავლელი და გვეჩქარებაო. მაგრამ რამდენიმე წუთით მაინც მოვასწარი თვალის გადავლება.




რაკი დღე ისედაც დამოკლდა, ჩვენც იძულების წესით ჩავეყარეთ მინივენში და ონისკენ გავსწიეთ. აქ უკვე გველოდა მასპინძელი და პატარა საოჯახო სასტუმრო. კოხტა, მოვლილ გადავარცხნილი ეზოთი და გულთბილი მასპინძლებით. 


ეს კი ის ხის სახლია, სადაც ფეხად მოყოლილი ღამის გატარება გვიწევდა. ხის სახლი ულამაზეს ხეებში ჩაფლული, შემოდგომა და ქალაქიდან შორს ყოფნა. კი, მშვენიერი ჩამონათვალია. ამ ყველაფერს მსუყე, გემრიელ და არაჩვეულებრივ რაჭულ ვახშამსაც თუ დავუმატებთ, რომელიც საღამოს ბუხართან გველოდა - ყველაფერი ისე იყო როგორც საჭიროა. უბრალოდ ციოდა იმაზე მეტად ვიდრე წარმოგვედგინა. თუმცა ესეც ასატანი და არც ისე მომაბეზრებელი იყო... თუმცა ამაზე მერე 



მომდევნო დღეს შოვისკენ გვქონდა გეზი. მანამდე კი გავლილი გზის და ნანახით გამოწვეული სიხარულის გაზიარების საამო პროცესი გვქონდა. ეს ყველაფერი რაღა თქმა უნდა გზადაგზა გადაღებული "სელფების"სოც ქსელებში ატვირთვებისა და მოწონების აქტივობის კონტროლით. ასეა თუ ისე ყველა ვთანხმდებოდით იმაზედ რომ მოგზაურობა არამც თუ კარგია, არამედ აუცილებელიცაა. თუ გინდ იმისთვის რომ ფეისბუქზე ავატარისთვის ახალი ფოტო გადაიღო. აბა ამის გარეშე როგორ?! ( ეგ ხუმრობით რა თქმა უნდა) ამ ფოტოებს კიდევ ბევრი რამ დაემატება. 

მანამდე კი ღამე. ცივი, რაჭული ღამე და შემოდგომის ტყესავით ფერადი, ლამაზი სიზმრები.  


Viewing all 409 articles
Browse latest View live